სამართალი
ხე-ტყის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი ფაქტი კახეთში დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 520 ფაქტი გამოავლინეს.

მათ შორის 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. უწყების ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 207 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა. იმერეთში დაფიქსირდა 72 ფაქტი, აჭარაში - 68, სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში - 46-46, შიდა ქართლში - 36, მცხეთა-მთიანეთში - 19, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 11, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც - 11, გურიაში კი - 4 სამართალდარღვევა დაფიქსირდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 882 მ3-მდე ხე-ტყე.ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 57 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 10 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, სულ, საქართველოს მასშტაბით, ნოემბრის თვეში, უკანონო ტყითსარგებლობის 587 ფაქტი გამოვლინდა. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / ხე ტყე /