სამართალი
კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციამ 106 მოქალაქე დააჯარიმა
13 აპრილის 21 საათიდან 14 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით პოლიციამ 106 მოქალაქე დააჯარიმა. საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო კი, სულ 63 მოქალაქე.

ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 2 იურიდიული და 6 ფიზიკური პირი.

ასევევ გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 2 ახალი ფაქტი.

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 20 პირი დააჯარიმეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის სულ 199 ახალი ფაქტი გამოვლინდა.





| Print |
FaceBook Twitter Google