სამართალი
შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 114 ფაქტი გამოავლინა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 114 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ, 23 აპრილის 21 საათიდან 24 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მოქალაქე დააჯარიმა. საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 24 მოქალაქე დაჯარიმდა.

გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი.

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 30 პირი დააჯარიმეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.


| Print |
FaceBook Twitter Google