სამართალი
Სად აიკრძალება თამბაქოს მოხმარება
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტები მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და დაეთანხმა კანონპროექტების პირველი მოსმენით განხილვისას გამოთქმულ წინადადებას, რომლის მიხედვით თამბაქოს მოწევა საბაგირო ტრანსპორტშიც აიკრძალება. ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
“კანონპროექტების ერთ-ერთი ინიციატორის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვლადიმერ კახაძის განცხადებით, მოქმედი კანონის აღსრულების პროცესში გამოიკვეთა საკითხები, რომლებიც ახლებურ სამართლებრივ რეგულირებას საჭიროებდნენ და სწორედ ამის გათვალისწინებით, მომზადდა ცვლილებები კანონში.

თავდაპირველად შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩამონათვალს, სადაც თამბაქოს მოწევა აკრძალულია, ემატებოდა ტაქსი და სანაოსნო საშუალებები, მეორე მოსმენით განხილვის წინ კი ამ ჩამონათვალს საბაგირო ტრანსპორტიც დაემატა.

ვლადიმერ კახაძის განცხადებით, კანონპროექტებს სხვა არსებითი ცვლილებები არ განუცდია. შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, თამბაქოს მოწევა ასევე აკრძალული იქნება საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში (ავტომობილში), რომლითაც ხდება არასრულწლოვანის გადაყვანა.

შესაბამისი სანქციები წესდება ასევე ინტერნეტსივრცეში თამბაქოსთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის რეკლამაზე. კომიტეტმა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირა მხარი. კანონპროექტების ინიციატორები პარლამენტის წევრები დიმიტრი ხუნდაძე და ვლადიმერ კახაძე არიან.

კანონპროექტებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს,”-ნათქვამია განცხადებაში.

Საბოლოოდ კი თამბაქოს მოწევა აიკრძალება ტაქსებში, ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში, კერძო ავტომობილში, არასრულწოვნის გადაყვანისას.

იკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში.

აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალებით.

აიკრძალება ბრენდის გაფართოება სავაჭრო ობიექტში, თამბაქოს ნაწარმის სავაჭრო მოწყობილობების შიდა ან გარე ნაწილზე იმგვარი აღნიშვნების, სურათების, სპეციალური განათების, ციფრული მასალის ან ტექსტების განთავსება, ასევე ამ საგნების იმგვარი დიზაინი, რომელიც ახდენს და შესაძლოა მოახდინოს მომხმარებლის ყურადღების მიქცევა ან ასოცირება მასში განთავსებული პროდუქტებისადმი, თამბაქოს ნაწარმის ან მწარმოებლისადმი.
| Print |
FaceBook Twitter Google