სამართალი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელმა 1 288 000 ლარი მიითვისა
საქართველოს პროკურატურამ „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურა ვებ-გვერდზე ავრცელებს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული, სამსახურეობრივი შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ფაქტებზე, დაწყებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - მ.ა. სხვადასხვა პერიოდში, სახელფასო ბაზების შევსებისას, ხელფასის დასარიცხად უთითებდა ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების პირად მონაცემებს, ხოლო მათ სახელფასო ანგარიშის ნაცვლად - საკუთარ საბანკო ანგარიშს, რის შედეგადაც მითითებული თანხები მის ანგარიშზე ირციხებოდა,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

გარდა ამისა, საქართველოს პროკურატურამ დაადგინა, რომ ბრალდებული ხელფასის გასაწერად შედგენილ დოკუმენტში, ხელფასის დასარიცხად უთითებდა მისი სანაცნობო წრიდან მოძიებული პირების პირად მონაცემებს და საბანკო ანგარიშის ნომრებს, რის შედეგადაც ბრალდებულის ნაცნობ პირებს, რომლებიც არ წარმოადგენდნენ „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“-ს თანამშრომლებს, ერიცხებოდათ ვითომდა შრომითი ანაზღაურება.

ამ ყველაფრის შედეგად, ბრალდებული დაეუფლა „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ კუთვნილ 1 288 000 ლარს.

მ.ა - ს ბრალი საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ეტაპზე გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით გრძელდება.
| Print |
FaceBook Twitter Google