სამართალი
პროკურატურამ საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგონას დედას ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, მოკლულის დედას და ბიძას ბრალდება წარუდგინა.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ქორწინების იძულების მიზნით გატაცების შემდეგ, არასრულწლოვანმა გოგონამ მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის. თუმცა, მათ არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.


"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ არსრულწლოვნის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს."-ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა დაზარალებულის ბიძა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 11 ოქტომბერს დააკავეს. რაც შეეხება მოკლული გოგონას დედას, მის მიმართ პროკურატურამ სასამართლოს ასევე დაკავების თაობაზე შუამდგომლობით მიმართა, რაც რუსთავის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ ორივე პირს ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე წარუდგინა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ უწყება ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.


შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 14 წლის გოგოს ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

თუმცა, სამართალდამცველებმა ის ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად დააკავეს.
| Print |
FaceBook Twitter Google