საზოგადოება
თაღლითობით მითვისებული საპენსიო თანხა და მოტყუებული იორმუღანლოელები [ექსკლუზივი]
სოფელ მუღანლოს მკვიდრმა იმრან ალიევმა, მოსახლეობის ნდობით ისარგებლა, "ლიბერთი ბანკიდან" მათი კუთვნილი პენსია, ათასობით ლარი გამოიტანა და მიიმალა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. იმრან ალიევმა, რომელიც წლების განმავლობაში პენსიების დამტარებლად მუშაობდა და სოფლის მოსახლეობაც ენდობოდა, იორმუღანლოს თემის მაცხოვრებლების აპრილის თვის პენსია ბანკიდან გამოიტანა და მიიმალა. როგორც დაზარალებულები ეჭვობენ, მას თანამზრახველებიც ჰყავდა.

-"ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდით, ფულს ვეღარ ვიღებთ. იმ ადამიანმა ვისაც ჩვენთან პენსიები მოჰქონდა, ხალხის ფული წაიღო და წავიდა. დაახლოებით მილიონ ლარზეა ლაპარაკი. ეს თანხა მარტო ჩვენი სოფლის კი არა, იორმუღანლოს თემში შემავალი შვიდივე სოფლის მოსახლეობას ეკუთვნოდა. დაახლოებით ორი კვირაა, რაც ეს ამბავი მოხდა. როგორც იძახიან, საქართველოში აღარ იმყოფება, რუსეთში გადავიდაო. არადა, ბრმად ვენდობოდით. იმიტომ, რომ წლებია ამ საქმეზე მუშაობდა. ჩვენი საპენსიო "კარტები" მას ჰქონდა და ასე გამოიტანა," _ გვითხრა სოფელ კაზლარის მკვიდრმა მამედ მამედოვმა.

ამავე სოფლის მაცხოვრებლების თქმით, საქმე წინასწარ უნდა ყოფილიყო დაგეგმილი. მათი განმარტებით, სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, ცოტა ხნით ადრე იმრან ალიევი ცოლს ფიქტიურად გაეყარა, რათა ამ შემთხვევაში მეუღლეს არავინ მოსდავებოდა. როგორც ჩვენთან საუბარში სოფელ მუღანლოს მკვიდრმა ალი მარდანოვმა აღნიშნა, იმრან ალიევი პენსიების დამტარებლად 30 წლის განმავლობაში მუშაობდა. თითქმით ყველა რესპონდენტი დადებით პიროვნებად ახასიათებს, ამიტომ მისგან ასეთი საქციელი მოულოდნელი იყო.

-"მე პირადად ავად ვიყავი. ჩემი კარტა იმრანს ჰქონდა და საგარეჯოდან პენსია სახლში მას მოჰქონდა. ვენდობოდით და არც კი გვიფიქრია, თუ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. ეხლა ჩვენ ვინღა მოგვცემს ფულს?! ბანკიდან იყვნენ მოსულები და გვკითხეს: თქვენ რა გინდათ იმრანის დაჭერა თუ პენსია? ჩვენ ვუპასუხეთ: იმრანი რად გვინდა, ჩვენი ფული დაგვიბრუნეთ-თქო. რაღაცეები ჩაიწერეს და წავიდნენ. მე რა მიჭირს, ზოგიერთი მარტოხელა ქალი და ჩავარდნილი მოხუცი დარჩა მოტყუებული, რომლებსაც პატრონიც არავინ ჰყავთ და მარტო პენსიის იმედად არიან. ზოგი ისეთია, ხელის მოწერაც არ იცის, ჯვარს დასვამს ხოლმე. იმრანი კარგი ადამიანი იყო და ასე მოულოდნელად რა მოხდა და რა დაემართა, ვერ გაგვიგია," _ გვითხრა ალი მარდანოვმა.


მოსახლეობა გაოცებულია, როგორ მოახერხა ამ პიროვნებამ ამდენი ხალხის მოტყუება და თანხის მითვისება.
-"პოლისი არ მქონდა. მოვიდა და მითხრა შენი პასპორტი მომეცი და პოლისს გაგიკეთებო. პასპორტიც წაიღო და კარტაც. რა აზრზე მოვიდოდით, რომ ამას გააკეთებდა? ამ ხნის კაცი ვარ და ასეთი შემთხვევა ჩვენთან არასოდეს მომხდარა. არადა, არ იყო ცუდი პიროვნება, ამიტომ ყველა ენდობოდა," _ გვითხრა მახმად ბარხუდაროვმა.

როგორც ჩვენთან საუბარში ჯალილ ჯალილოვი იხსენებს, იმრან ალიევი მასთანაც იყო მისული და კარტა სთხოვა, მაგრამ არ დასთანხმდა. -"ჩვენი სოფლების ბევრ ოჯახში ისეთი ავადმყოფი მოხუცები ჰყავთ, რომლებსაც სიარული არ შეუძლიათ და ლოგინად არიან ჩავარდნილები. ამ კაცს მათთან სახლში მიჰქონდა პენსია და ურიგებდათ. როგორც ისინი ამბობენ, საპენსიო კარტები ამ პიროვნებას ჰქონდა და მათ არ აძლევდათ. საცოდავი მოხუცი ქალები მოატყუა, რაღაც დახმარება არისო, ხელი მოაწერინა, კარტები გამოართვა და წავიდა. მეც მითხრა, ფულს სახლში მოგიტანო, მაგრამ უარი ვუთხარი. ჯერჯერობით არავინ იცის, სად არის წასული," _ გვითხრა მან.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის დეპარტამენტის სამმართველოს გამომძიებლის დავით საგინაშვილის განმარტებით, საქმე ძიებაშია. -"პიროვნება მიმალვაშია. ამ ეტაპზე მასზე სისხლის სამართლებრივი ძებნა ჯერ არ დაწყებულა. ბანკიდან გამოთხოვილია საბუთები და მიმდინარეობს გამოძიება. ჯერჯერობით ამ საქმეში სხვა პიროვნებები არ იკვეთებიან. ამჟამად 12 განცხადებაა შემოსული, მაგრამ ვფიქრობთ, რომ დაზარალებული უფრო მეტია. წინასწარ ძნელია იმაზე ლაპარაკი, შემდეგში რა გამოიკვეთება," _ გვითხრა დავით საგინაშვილმა, რომელიც აღნიშნულ საქმეს იძიებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით "ლიბერთი ბანკის" პრესსამსახურის უფროსს დოდო ბოჭორიშვილს ვესაუბრეთ. როგორც მან აღნიშნა, მომხდარი ფაქტის შესახებ საქმის კურსში არ არის და ინფორმაცია პირველად ჩვენგან მოისმინა. მისივე განმარტებით, საჭიროა საკითხი კომპეტენტურ პირთან გადაამოწმოს და ოფიციალურ კომენტარსაც მხოლოდ ამის შემდეგ, მომდევნო კვირაში გააკეთებს.
| Print |
FaceBook Twitter Google