შემთხვევა
სოფელ ჩუმლაყის მკვიდრი შვეიცარიაში გარდაიცვალა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩუმლაყის მკვიდრი,  გ. ო. შვეიცარიაში გარდაიცვალა. ის სამუშაოდ დაახლოებით ორი თვის წინ გაემგზავრა. თანასოფლელების თქმით, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ორმოც წლამდე მამაკაცმა, თავი ვეღარ შეიკავა და მატარებლის რელსებში ჩავარდა.

გ. ო.-ს საქართველოში ჰყავს ორი დაოჯახებული და, თავად კი მარტო ცხოვრობდა. მეგობრების თქმით, გადმოსვენება სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული, ამიტომ ახლობლები დახმარებას სახელმწიფოსგან ითხოვენ.

როგორც Speqtri.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, მათთვის ჯერჯერობით არავის მიუმართავს.
-„სამინისტროში ამ საკითხზე განცხადება არ შემოსულა. ახლობლებს ვთხოვთ, მოგვმართონ, საკითხს ოპერატიულად განვიხილავთ.“

2016 წლის 18 ივლისის მთავრობის დადგენილებით: საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ გარდაცვალებისას, გარდაცვლილი პირის საქართველოში გადმოსვენების ხარჯები ანაზღაურდება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას/საკონსულო დაწესებულებას, საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, მიმართა საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრმა;

ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას/საკონსულო დაწესებულებას მიმართა ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა, საზღვარგარეთ გარდაცვლილი იმ საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, რომელსაც არ ჰყავს ამ წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოჯახის წევრი.

2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენების ხარჯები, როდესაც განმცხადებელი ოჯახის წევრი წარმოადგენს ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციის დეკლარანტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად და მისი ოჯახის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები აღემატება 100 000 ლარს.


| Print |
FaceBook Twitter Google