საზოგადოება
გარევაჭრობა სათამაშო ბიზნესში და მოზარდებისთვის ხელმისაწვდომი სიგარეტი
ქალაქ გურჯაანში სათამაშო დოლურები უკანონოდ არის განთავსებული. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის არც ერთ შესაბამის სამსახურს სათამაშო დოლურებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნია. გათამაშებაში უპრობლემოდ მონაწილეობენ მოზარდებიც. საქართველოს კანონში თამბაქოს კონტროლის შესახებ განმარტებულია როგორ დამოკიდებულებაში უნდა იყოს არასრულწლოვანი თამბაქოს ინდუსტრიასთან. აღნიშნულ კანონში მოცემული "მუხლი 5“ - თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის შესახებ განგვიმარტავს, რომ "აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია სააღმზრდელო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 50 მეტრის რადიუსში; აკრძალულია რეალიზაცია ელექტრონული ან მექანიკური მანქანის საშუალებით; აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია გათამაშების, ლატარიის, ლოტოს, სხვა მომგებიანი ან სხვა სახის აზარტული თამაშების საშუალებით.“ ამავე მუხლის თანახმად, „თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში უნდა განთავსდეს მინისტრის მიერ დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება და თამბაქოზე უარის თქმის მსურველებისთვის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი კონსულტაციის მისაღებად. აგრეთვე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არასრულწლოვნებზე თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა აკრძალულია. ასეთი სამედიცინო განცხადება უნდა განთავსდეს არანაკლებ A4 ფორმატის ქაღალდზე." სათამაშო დოლურები ქუჩაში, ხალხმრავალ ადგილას, ტროტუარებზე ყველა წესის დარღვევითაა განთავსებული. აღნიშნული განთავსების ადგილები კი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. შესაბამისად, კომენტარისთვის გურჯაანის გამგეობას მივმართეთ. როგორც ჩვენთან საუბრისას არქიტექტურის, ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი ჟუჟუნა არევაძე განმარტავს, მსგავსი სახის ობიექტების განლაგება მხოლოდ მას შემდეგ ხდება, როცა მათი სამსახური პროექტს განიხილავს და შესაბამის ნებართვას გასცემს. - "არ ვიცი, არც მსმენია ამ დოლურების შესახებ, არც თვალი მომიკრავს, მაგრამ რამდენად კანონიერად დგას ვერ გეტყვით. ჩვენ ამის შესახებ ნებართვა არ გაგვიცია და არც არავის მოუმართავს. შესაძლოა, ეს დოლურებიც ისეთივე პრინციპით დგას, როგორც გარემოვაჭრეები დგანან ქუჩაში უკანონოდ“, - განაცხადა არევაძემ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არც საკრებულოს აპარატში ფლობენ. მათ ზედამხედველობის სამსახურში იმ არგუმენტით გადაგვამისამართეს, რომ დოლურები გამგეობის კონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული. თავის მხრივ გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში აღნიშნეს, რომ მათი მოვალეობაა მხოლოდ მოსაკრებელის კონტროლი. ოფიციალურ კომენტარს ვერ აკეთებენ. სათამაშო აპარატებში სხვა ნივთებთან ერთად (მობილური ტელეფონი, ბავშვის სათამაშოები) სიგარეტებიც თამაშდება. მიუხედავად იმისა, რომ დოლურაში არსებობს აკრძალვის ნიშანი "+18“, არასრულწლოვნები აკრძალვის ნიშანს არ უფრთხიან და მაინც თამაშობენ. მათ დიდი შანსი აქვთ, რომ სხვა ნივთების გარდა სიგარეტიც მოიგონ.
| Print |
FaceBook Twitter Google