სათამაშო დოლურები, რომლის მეშვეობითაც სიგარეტის რეალიზაცია
კანონდარღვევით ხდება, ქალაქ გურჯაანში უნებართვოდაა განთავსებული.
საქართველოში კი არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც ამ დარღვევას
დაარეგულირებს. ქალაქ გურჯაანში დაახლოებით ერთი წელია
მუნიციპალიტეტის კუთვნილ ტერიტორიაზე განთავსებულია სათამაშო
დოლურები, რომლის მეშვეობითაც ელექტრონულად ხდება სიგარეტის
რეალიზაცია. აღნიშნული ქმედება საქართველოს კანონით "თამბაქოს
კონტროლის შესახებ" დარღვევად ითვლება. როგორც საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელი მარეხ მგალობლიშვილი
ჩვენთან საუბარში განმარტავს, `თამბაქოს რეალიზაციის კონტროლის
შესახებ~ კანონის მე-5 მუხლში არის ერთ-ერთი პუნქტი, რომლის
მიხედვითაც აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია ელექტრონული, ან
მექანიკური მანქანის საშუალებებით. თუმცა აღნიშნავს, რომ ეს დარღვევა
არაკონტროლირებადია.
„საქართველოს კანონის სამართალდარღვევათა კოდექსში არსად არ
არის მითითებული თამბაქოს პროდუქციასთან დაკავშირებული მუხლების
განსჯადობა. იქ არის ჩამოთვლილი ორგანოები და ყველას აქვს თავისი
განკუთვნილი მუხლები, რომლებზეც უფლებამოსილნი არიან შეადგინონ
სამართალდარღვევათა ოქმი და თვითონვე გამოიყენონ ჯარიმა ან გადასცენ
სასამართლოს. ეს მუხლები არც ერთ ჩამონათვალში არ არის, ანუ არ არის
დასახელებული ორგანო, რომელიც აღნიშნულ დარღვევებზე რეაგირებას
მოახდენს“.
მისივე თქმით, თამბაქოს რეალიზაციის კონტროლზე
არსებობდა სამი სხვადასხვა კანონი, რომელიც გააერთიანეს და ახალი
კანონი მიიღეს.
„ახალი კანონი, წესით, უფრო მარტივად
გამოსაყენებელი უნდა ყოფილიყო, იმ კუთხით, რომ რეგულაციები და
კონტროლი ეფექტურად განხორციელებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა“.
ინფორმაციის დასაზუსტებლად შინაგან საქმეთა
სამინისტროში დავრეკეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ ამ საკითხის
რეგულირება მათი კომპეტენცია არ არის და ფინანსთა სამინისტროში
გადაგვამისამართეს. ფინანსთა სამინისტროდან იგივე პასუხი მივიღეთ,
რომლებმაც თავის მხრივ შემოსავლების სამსახურისკენ მიგვითითეს.
შემოსავლების სამსახურშიც განმარტეს, რომ ეს საკითხი მათ უწყებას არ
ეხება და გვირჩიეს სიტუაცია ადგილობრივ თვითმმართველობაში გაგვერკვია,
კერძოდ გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში.
„სპექტრი“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის
სამსახურის უფროსს დურმიშხან ამისულაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც
განაცხადა, რომ საქმის კურსში არ არის, რადგან ამ თანამდებობაზე
ახლადდანიშნულია, თუმცა ინფორმაცია მის წინამორბედთან და სამსახურის
სპეციალისტებთან გადაამოწმა.
„გამოდის, რომ ჩემს გარდა ყველამ ყველაფერი იცოდა და
სამწუხაროდ, არავინ გამაფრთხილა ამის შესახებ. არ ვიცი ეს დოლურები რა
კანონს არღვევს და არც ის ვიცი, რამდენად კანონიერად დგას. რთულია
ყველაფრის რევიზია და შემოწმება დამოუკიდებლად გამეკეთებინა. საკითხში
გავერკვევი და მეპატრონეს აუცილებლად დავაჯარიმებ“.
ცნობისათვის, „სპექტრი“ ამ საკითხს არაერთხელ შეეხო,
თუმცა ზედამხედველობის სპეციალისტებმა, რომლებიც დურმიშხან
ამისულაშვილის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში იყვნენ,
კომენტარი არც უწინ და არც ახლა გააკეთეს. როგორც ზედამხედველობის
სამსახურის უფროსმა წინამორბედისგან (თორნიკე წინწალაშვილი)
მოგვიანებით, ტელეფონით შეიტყო (სატელეფონო საუბარს „სპექტრის“
ჟურნალისტი ესწრებოდა), დოლურების დადგმაზე ნებართვა ოფიციალურად არ
გაცემულა. ამის პრეროგატივა აქვს ქონების მართვის, ეკონომიკური
განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის,
არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურს. მსგავსი სახის ობიექტების
განლაგება კი მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც შესაბამისი სამსახური
პროექტს განიხილავს. ხოლო ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
დოლურების დადგმის ნებართვა ოფიციალურად არ გაცემულა (სტატია:
გარევაჭრობა
სათამაშო ბიზნესში და მოზარდებისთვის ხელმისაწვდომი სიგარეტი)
ამავე სამსახურის სპეციალისტმა ჟუჟუნა არევაძემ გასულ წელს
დაგვიდასტურა.
"არ ვიცი, არც მსმენია ამ დოლურების შესახებ, არც თვალი
მომიკრავს, მაგრამ რამდენად კანონიერად დგას, ვერ გეტყვით. ჩვენ ამის
შესახებ ნებართვა არ გაგვიცია და არც არავის მოუმართავს. შესაძლოა, ეს
დოლურებიც ისეთივე პრინციპით დგას, როგორც გარემოვაჭრეები დგანან
ქუჩაში უკანონოდ“, – განაცხადა არევაძემ.
სათამაშო დოლურების მეპატრონე თელაველი ვინმე ბექაა. იგი ჩვენთან
სატელეფონო საუბარში განმარტავს, რომ გამგეობის შესაბამისი
სამსახურისთვის ნებართვის თაობაზე არ მიუმართავს, თუმცა გურჯაანის
მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურთან სიტყვიერი
შეთანხმება (არაოფოციალური გარიგება) ჰქონდა. მისივე თქმით, იგი
მოსაკრებელს ჩვეულებრივ იხდიდა და ამის შესახებ გამგეობა საქმის
კურსში იყო. თელაველი ბექა, ამ საკითხზე ვრცლად ინფორმაციის მოწოდებას
მოგვიანებით დაგვპირდა, თუმცა შემდეგ ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა.
ასევე უშედეგოდ ვეცადეთ მისი გვარის დადგენა და ინფორმაციის
მიღება იმასთან დაკავშირებით, კონკრეტულად ვის გაურიგდა.
მასალის გამოყენების პირობები