საზოგადოება
გველები, ხვლიკები და ბაყაყები - მოუგვარებელი პრობლემა 9 აპრილის ქუჩაზე [Video]
ქალაქ გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩის მოსახლეობა ყოფილი პურკომბინატის, აბალახებული ტერიტორიის გასუფთავებას და ადგილობრივი ხელმძღვანელობის ყურადღებას ითხოვს.
მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლების თქმით, ქვეწარმავლების შიშით ფანჯარასაც კი ვერ ხსნიან.

-„ფურნის ტერიტორია ქვეწარმავლების ბუდედ არის ქცეული. ფანჯრების გაღების გვეშინია, რომ ოთახში რამე არ გადმოძვრეს. ბავშვები შიშით ეზოშიც კი ვერ თამაშობენ,“ - ამბობს მარიამ გორხელაშვილი. როგორც ვიოლეტა ცინცაძე გვიყვება, ერთ დღეს ეზოში სამი გველი მოკლა.

-„აქაურობა გველებითა და ხვლიკებითაა სავსე. ღობიდან გადმოდიან და აქეთ-იქეთ მისრიალებენ, ხვლიკები კი პირადაპირ ოთახებში დარბიან. მეზობელს აბაზანაში შეუძვრა გველი. ჩვენც გვეშინია და პირველ სართულზე მაცხოვრებლებს, ალბათ, არც სძინავთ. ხან ბავშვი რომ თამაშობს, მაშინ გამოძვრება ხოლმე წყეული, ესეც მისდეს, რომ ვითომ მოკლას. ძალიან საშიშია. წლების მანძილზე ამ ქარხანაში ტონობით პურს აცხობდნენ, ასფალტის საფარის ქვეშ უზარმაზარი წყლის რეზერვუარია, რომელიც ბაყაყებითაა სავსე“.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების უფროსის თეიმურაზ ბაჩუკაშვილის განმარტებით, აღნიშნული ტერიტორიის დიდი ნაწილი ეკონომიკის სამინისტროს მფლობელობაშია, როგორც კი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოვა, ტერიტორია გასუფთავდება და სკვერიც მოეწყობა.

-„ადგილი სამად იყოფა. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მცირე ტერიტორიაა. ნაწილი - კერძო მესაკუთრეს ეკუთვნის, ნაწილი კი - ეკონომიკის სამინისტროს მფლობელობაშია. ჩვენ ეკონომიკის სამინისტროს მიმართვა გავუგზავნეთ, რომ ტერიტორია გადმოგვცეს, რის შემდეგაც პირველ რიგში მისი გასუფთავება მოხდება და შესაძლოა, სკვერიც მოეწყოს. საუკეთესო შემთხვევაში, აღნიშნული სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება. ადრეც დაირგო ხეები, რამდენიმე საქანელა და აიწონა-დაიწონაც დადგეს.“

ადგილობრივების თქმით, „ქართული ოცნება“ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას წინასაარჩევნოდ დაჰპირდა, თუმცა ტერიტორია ამჟამადაც აბალახებულია და გველ-ბაყაყებითაა სავსე.
| Print |
FaceBook Twitter Google