ახალი ამბები
გურჯაანში ცენტრალურ მაგისტრალზე კანალიზაცია სანიაღვრე არხებში ჩაედინება
გურჯაანში თელავი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე, თავისუფლების ქუჩაზე საშინელი სუნია. როგორც მოსახლეობა ვარაუდობს ზოგიერთ მაცხოვრებელს სანიაღვრე არხზე საკანალიზაციო სისტემა აქვს დაერთებული. საქართველოს საავატომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ საკითხი მათ არ ეხებათ და პრობლემა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა უნდა მოაგვარონ. "ჩვენ მხოლოდ კიუვეტების მოვლა-პატრონობა გვევალება. არხი წყლის ასაცილებლად არის გაკეთებული და კანალიზაციის ფუნქცია არ უნდა შეასრულოს, ეს ყოვლად დაუშვებელია. როგორც გავიგეთ, ამას მოსახლეობა მაინც აკეთებს, ამიტომ პრობლემას ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მიხედოს."-აღნიშნა სავტომობილო გზების დეპარტამენტის ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილე ამირან უშხვანმა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის ზვიად ბიაშვილის განმარტებით, პრობლემის შესახებ მათთვის ცნობილია და შესაბამისი ზომებიც მიიღეს. "ჩვენთვის ცნობილია, რომ ვარაზაშვილის, ზურაბაშვილის და თავისუფლების ქუჩის ნაწილზე არ არის კანალიზაცია. ამასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტმა რამდენჯერმე გააგზავნა წერილი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში, რომელმაც უნდა მოაწყოს სისტემა. ბოლო წერილი წინა კვირას გავგზავნეთ. რეაგირება ამ კომპანიაზეა დამოკიდებული. ზუსტად ვერ გეტყვით, ჩადის თუ არა სანიაღვრე არხებში კანალიზაციის წყალი, მაგრამ თუ ეს ფაქტი მართლა ფიქსირდება, არ არის გასამართლებელი. თუმცა ჩვენ ვერაფერს გავხდებით." გურჯაანის წყალმომარაგების სერვისცენტრის მენეჯერის ბესიკ ბერუაშვილის თქმით, კანალიზაციის მოწყობის შესახებ საკითხი სათაო ოფისშია გადაგზავნილი და განხილვის პროცესშია.
| Print |
FaceBook Twitter Google