საზოგადოება
ოპოზიცია ინფრასტრუქტურულ პროექტებს აპროტესტებს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა 2017 წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს. საკითხმა ოპოზიციის წევრებს შორის პროტესტი გამოწვია.
სოფელ კარდენახის მაჟორიტარი დეპუტატის სიმონ ქოჩორაშვილის განმარტებით, თანხები სოფლებზე არასწორად არის განაწილებული.

"მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 4 მილიონ რვაასი ათასი ლარია ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი. სიაში, რომელიც ჩვენ ვნახეთ 6 პროექტი გურჯაანზეა გათვლილი, ხოლო დანარჩენი 8 გადანაწილებულია 21 სოფელზე. მესმის, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა და ამას ერთ წელიწადში ვერ აღმოვფხვრით, ნაბიჯ - ნაბიჯ უნდა დავიწყოთ მათი მოგვარება. საკითხი იმიტომ გავაპროტესტეთ, რომ ყველა სოფელი თანაბარ პირობებში უნდა ჩაეყენებინათ. თანხა ყველა სოფელზე გადანაწილიყო და არა ისე, რომ სადღაც ოაზისები შექმნან და სადღაც კიდე ყველა პრობლემა ხელშეუხებელი დარჩეს."-აღნიშნა მან.

დეპუტატის აზრს არ ეთანხმება გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე ზაქარია ქაჩლიშვილი.

"ეს არის ის დაგროვილი პრობლემები, რომელიც წლების განმავლობაში იყო და ჩვენი ხელისუფლება ცდილობს მათ მოგვარებას. რაც შეეხება სიას, არ ნიშნავს იმას, რომ პრიორიტეტი მაინც და მაინც ესენი იქნება. მთელი წლის განმავლობაში მოხდება ამაზე მუშაობა და სხვა პრიორიტეტებიც დაემატება. ჩვენ ხალხზე ვართ ორიენტირებული.. რასაც მოსახლეობა მოითხოვს იმას განვიხილავთ."-განმარტა მან.

მისივე თქმით, ცვლილება კიდევ არის მოსალოდნელი და პრობლემების მოგვარება ეტაპობრივად განხორციელდება.


| Print |
FaceBook Twitter Google