საზოგადოება
რატომ არ იღებს სილქნეტი პასუხისმგებლობას?
კომპანია სილქნეტის აბონენტებმა კახეთში, მიმდინარე თვის სააბონენტო და ინტერნეტმომსახურების გადასახადი წინა თვეების მსგავსად, სრულად გადაიხადეს, მიუხედავად იმისა, რომ 17 და 18 თებერვალს ტელეფონებიც გათიშული იყო და არც ინტერნეტი მიეწოდებოდათ. ამ დღეების განმავლობაში კომპანიის ცხელ ხაზზე ავტომოპასუხე აბონენტებს ატყობინებდა, რომ კახეთში ტექნიკური დაზიანება  იყო.
speqtri.ge დაინტერესდა, ასეთ შემთხვევაში აქვს თუ არა ვალდებულება კომპანიას აბონენტებს ამ დღეების გადასახადი ჩამოაწეროს.  როგორც სილქნეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა თეონა წერეთელმა  ჩვენთან საუბარში აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ სერვისი მთლიანად კახეთს ჰქონდა გამორთული, თანხის კორექტირება ინდივიდუალურად ხდება. მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს საპრეტენზიო განცხადებით ადგილობრივ სერვისცენტრს მიაკითხოს. თეონა წერეთელის თქმით,  განცხადების განხილვის ვადა მისი  მიღებიდან 15 სამუშაო დღეა.

speqtri.ge-ს შეკითხვაზე,  ვინაიდან ამ კონკრეტულ თარიღებში ტექნკური დაზიანება  ვრცელდებოდა მთლიანად კახეთზე და ეს არ იყო მხოლოდ ერთი ქუჩის, ან აბონენტის გათიშვა, რატომ არ განიხილა კომპანიამ სრულად რეგიონის საკითხი და სააბონიმენტო თანხის კორექტირება საკუთარი ინიციატივით არ მოახდინა?-თეონა  წერეთელმა გვიპასუხა.

"თითოეული აბონენტის საკითხი ინდივიდუალურად განიხილება, რადგან ყველას სხვადასხვა ტარიფი აქვს შერჩეული. ზოგი ფიზიკური პირია, ზოგი კი იურიდიული. ასევე  საუბარია იმაზე, რომ  ინტერნეტი ყველას ერთდროულად არ ჩაერთო. ეს პროცესი ეტაპობრივად  მიმდინარეობდა.  განაცხადის დროს კომპანია განიხილავს ვის რამდენი თეთრი, რამდენი ლარი უნდა დაუკორექტირდეს."

აქვე აღვნიშნავთ, რომ იანვარსა და თებერვალში,  სხვადასხვა დროს, სილქნეტის სერვისები  გურჯაანს შეეფერხებით მიეწოდებოდა.


| Print |
FaceBook Twitter Google