საზოგადოება
იორმუღანლოს თემის მოსახლეობა რადიომაუწყებლობას ითხოვს
დასრულდა კვლევა იორმუღანლოს თემში, რომელიც ადგილობრივი რადიომაუწყებლობის აუცილებლობას ეხებოდა. გამოიკითხა იორმუღანლოს თემის მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტი.
კვლევაში მონაწილეობდა სამი ადგილობრივი ახალგაზრდა აქტივისტი და ასევე speqtri.ge-ს სამი ჟურნალისტი. წინასწარი მონაცემებით, თემის მოსახლეობის 100% მოითხოვს, რომ ასეთი მაუწყებლობა აუცილებლად უნდა არსებობდეს.

კითხვარი თავდაპირველად შედგენილი იყო 2015 წელს მარნეულის თემისთვის კონსტანტინ სტალინსკის მიერ და მოიცავდა შემდეგ კითხვებს:
1. გინდათ მოუსმინოთ მუსიკალურ და გასართობ გადაცემებს?
2. მოუსმენთ გადაცემებს სოციალურ და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე?
3. გადაცემები სასურველი იყოს ქართულ ენაზე
4. გადაცემები სასურველია იყოს აზერბაიჯანულ ენაზე
5. გინდათ მოუსმინოთ გადაცემებს დასავლეთსა და ევროინტეგრაციის შესახებ?
6. ყოველდღიურ გადაცემაში საუბარი უნდა იყოს ადგილობრივ მოვლენებზე?
7. თუ გადაცემის თემა საინტერესოა, ისურვებთ გადაცემის განმეორებას?

სათემო მაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის მოთხოვნით საქართველოს მარეგულირებელ კომისიას გაზეთმა სპექტრმა [speqtri.ge] ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში მიმართა. თუკი ორგანიზაცია აღნიშნულ განაცხადზე თანხმობას მიიღებს, სულ მალე იორმუღანლოს თემში სათემო რადიო იფუნქციონირებს.

ამ დროისთვის საქართველოში ფუნქციონირებს ნინოწმინდის სათემო რადიო "ნორი", ხოლო პანკისის ხეობაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის და ეროვნული უმცირესობის სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, დაიწყო მოქმედება „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ პროექტმა, რომლის ფარგლებშიც პანკისის ხეობაში სათემო რადიო შეიქმნება.

| Print |
FaceBook Twitter Google