საზოგადოება
კახეთში 9 აპრილის გმირები გაიხსენეს
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა კარდენახში 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

მამა ამირან გოგოლაძემ გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებლად პარაკლისი გადაიხადა.

9 აპრილს დაღუპული გმირები თელავშიც გაიხსენეს. კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა, მოადგილეებმა, თელავის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

,,დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. 9 აპრილი 27 წლის შემდეგაც გვაბრუნებს წარსულთან და გვახსენებს თუ რა გააკეთეს ჩვენმა თანამემამულეებმა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ეს დღე არის ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო და აქ მოვედით იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ იმ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ქვეყნის თავისუფლებას. 9 აპრილის გმირების მაგალითზე თაობები იზრდება და მათი გმირობა სამაგალითო იქნება საუკუნეების შემდეგაც",- აღნიშნა ირაკლი შიოლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს თბილისში პარლამენტის შენობასთან, საბჭოთა ჯარმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია. დარბევის შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა.

მათ შორის, კახეთიდან იყვნენ თელავის რაიონის სოფელ აკურაში მცხოვრები შალვა ქვასროლიაშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მცხოვრები 22 წლის მამუკა ნოზაძე.


| Print |
FaceBook Twitter Google