საზოგადოება
თელავში ფრანგულ-ქართული პროექტის პრეზენტაცია გაიმართება
დღეს ქალაქ თელავში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია,თვითმმართველ ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტი, არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქე ევროპული განვითარებისათვის” და ფრანგული ორგანიზაცია ”შანსის კლუბი” ერთობლივ ღონისძიებას გამართავენ.

ღონისძიების ფარგლებში 15 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკა თელავში განათავსებს წიგნის კიდობანს, სადაც ასეულობით წიგნი იქნება. წიგნების აღებისა და წაკითხვის, შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ მსურველს. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს ახალგაზრდებში წიგნიერების ამაღლებას,რომელსაც საფუძველი მ/წლის 12 აპრილს დაუდო ერთის მხრივ კახეთის გუბერნატორმა ბატონმა ირაკლი შიოლაშვილმა და ქალაქ თელავის მერმა ბატონმა პლატონ კალმახელიძემ,ხოლო მეორეს მხრივ,საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობამ ბატონებმა გიორგი კეკელიძემ და მირიან ხოსიტაშვილმა.

15:30 საათზე თელავის დრამატულ თეატრში გაიმართება ფრანგული ორგანიზაცია ”შანსის კლუბის” საერთაშორისო სამხატვრო კონკურსის ”დამიხატე მშვიდობა” პრეზენტაცია. მოსწავლეები იქვე დახატავენ ნახატებს მშვიდობის თემაზე. მასტერკლასს წარუძღვება საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მხატვარი ლევან მოსიაშვილი. საუკეთესო მოსწავლეების ნამუშევრები მონაწილებას მიიღებენ მსოფლიო სამხატვრო კონკურსში. სამხატვრო სკოლის მოსწავლეები საფრანგეთის წარმომადგენლობის მხრიდან მიიღებენ ფასიან საჩუქრებს.

თელავის დრამატული თეატრის ფოიეში გამოიფინება ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) პერიოდის მასალები; XX საუკუნის დასაწყისში საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მოღვაწეობის ამსახველი არქივები. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ღვინის ახალი ბრენდები კომპანიისგან ”შუხმანის ღვინოები”.
| Print |
FaceBook Twitter Google