საზოგადოება
"დაუშვებელია სოციალური დახმარება და პენსია იძულებით ამოღების ღონისძიებებს დაექვემდებაროს"
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიზნობრივი დახმარების მიმღები პირებისთვის სახელმწიფოს მიერ დარიცხულ თანხები, მიუხედევად საფინანსო ორგანიზაციების მიმართ, სახელშეკრულებო პირობებით აღებული ვალდებულებებისა, მოვალის ნების საწინააღმდეგოდ, ვალდებულების შესასრულებლად ვერ მიექცევა.
განცხადებას ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ო.ზ-ს სარჩელი, მოპასუხეების ზ.ტ.-სა და ერთ-ერთი ბანკის მიმართ. მხარეთა შორის დავის საგანს მოპასუხეებისათვის ზიანის - 2350 ლარის სოლიდარულად ანაზღაურების დაკისრება და თანხის მიღების აკრძალვა წარმოადგენდა.

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2014 წლის 21 იანვარს გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების შესაბამისად ო. ზ. წარმოადგენდა ზ.ტ.-ს თავდებს სასესხო ვალდებულებაში. ვინაიდან, ზ.ტ-მ არ შეასრულა საბანკო ვალდებულება, ბანკმა საკრედიტო ვალდებულების შესრულების მიზნით გამოიყენა თავდების საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხები - პენსია და სოციალური შემწეობა.

ბანკის წარმომადგენლის განცხადებით, მოსარჩელის ანგარიშიდან თანხების ჩამოჭრა განხორციელდა მხარეთა მიერ შედგენილი სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში, შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ხოლო, მოპასუხე ზ.ტ.-მ სცნო სარჩელი, რაც მის მიმართ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნის - ზიანის სოლიდარულად ანაზღაურების დაკმაყოფილების საფუძველი გახდა.

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფოს მიერ გაცემული მიზნობრივი დახმარებისა და შემწეობის გაცემის მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება და მისი პრევენცია. შესაბამისად, სახელმწიფო შემწეობის სახით დარიცხული დახმარების დაბრუნების ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს დაეკისრათ სოლიდარულად 2350 ლარის ანაზღაურება, საიდანაც ბანკის წილი შეადგენს 1200 ლარს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამომავლოდ ბანკს აეკრძალა, სახელმწიფოს მიერ მიზნობრივი დახმარების სახით, მოსარჩელის ანგარიშზე დარიცხული საარსებო შემწეობის განკარგვა. სასარჩელო მოთხოვნა ბანკის მიმართ 1150 ლარის დაკისრების და მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან საარსებო მინიმუმით გათვალისწინებული თანხის ჩამოჭრის აკრძალვის ნაწილში არ დაკმაყოფილდა."-
ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში.

| Print |
FaceBook Twitter Google