საზოგადოება
აირბალონიანი მანქანების ტექდათვალიერება- უსაფრთხოება თუ ბიუჯეტის შევსების გზა
აირბალონზე მომუშავე ავტომანქანების სავალდებულო ტექდათვალიერებას ორი აკრედიტებული კომპანია, შპს " აირბალონი" და შპს "გაზინჟინერი" ახორციელებს. როგორც speqtri.ge-მ გაარკვია, შემოწმება ამ დროისთვის 37-მა ავტომანქანამ გაიარა, მათგან სტანდარტები ვერცერთმა დააკმაყოფილა.
მძღოლებს ტექდათვალიერება 90-დან 130 ლარამდე უჯდებათ.

“ჩვენთან 7 მანქანა შემოწმდა, მაგრამ სტანდარტებში ვერც ერთი ვერ ჩაჯდა. პატარ-პატარა პრობლემები იყო, ეს ჩვენ თავად მოვაგვარეთ და შესაბამისობის სერტიფიკატიც გავეცით. თუ სერიოზულ ხარვეზზეა საუბარი, მაშინ საწარმოში გავაგზავნით. ამ ეტაპზე მომსახურების ცენტრი მხოლოდ თბილისში გვაქვს, ჯერჯერობით არა მგონია რეგიონში განთავსებაზე ვიფიქროთ,“- აღნიშნა „აირბალონის“ კლიენტთა მომსახურების მენეჯერმა გიორგი ხვედელიძემ.

შპს „გაზინჟინერმა“ სავალდებულო ტექდათვალიერება ერთი თვეა დაიწყო და 30 მანქანა შეამოწმა.
„ცუდი მდგომარეობაა, სტანდარტებში ვერც ერთი ვერ ჩაჯდა. ისინი სპეციალურ ხელოსანთან გავაგზავნეთ, შემდეგ ისევ ჩვენთან მოვიდნენ და თავიდან შევამოწმეთ. მათ 10-დღიანი ვადა აქვთ ხარვეზის გამოსასწორებლად, თუ დროში ჩაეტევიან, დამატებითი თანხის გადახდა აღარ მოუწევთ. ამჟამად, ოფისი გვაქვს თბილისსა და ქუთაისში, მოთხოვნა თუ მაღალი იქნება, სხვა რეგიონებშიც გავხსნთ,“- აღნიშნა „აირბალონის“ დამფუძნებელმა ნუკრი მაჭარაშვილმა.

სავალდებულო ტექდათავალიერების ვადები ავტომანქანის ასაკის მიხედვითაა განსაზღვრული და ამას მთავრობის დადგენილება არეგულირებს.

„დადგინდა კატეგორიები, რომელმა ავტომანქანამ რა ვადაში უნდა გაიაროს შემოწმება. 24 და მეტი წლის ავტომობილები, რომელთაც მგზავრების გადაყვანა ევალება, ტექდათვალიერებას გაივლიან 2017 წლის პირველ იანვრამდე. მერე მოდის 20-დან 23 წლამდე ასაკის, მათ დრო 2018 წლის პირველ ივნისამდე აქვთ და ა.შ. 2019 წლამდე აღნიშნული პროცესი დასრულდება. როგორც მოგეხსენებათ, აკრედიტაცია ორმა კომპანიამ გაიარა, დაფიქსირებულია კიდევ ორი განაცხადი და მუშაობა მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალებამ კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა, კომპანია აძლევს გარკვეულ დროს შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად, თუ მეორედაც იგივე დარღვევა გამოვლინდა, არ გაიცემა ე.წ. ფირნიში, რომელიც ადასტურებს, რომ ავტომობილი ვარგისია. თუ რომელიმე კომპანიას რეგიონში ტექდათავლიერების განხორციელების სურვილი ექნება, მოგვმართოს და აკრედიტაციას გავატარებთ. ჯერჯერობით ასეთი არავინ გამოჩენილა.“- აღნიშნა ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ მალხაზ ხარებავამ.

მისივე თქმით, ვინც შემოწმება აღნიშნული დადგენილების მიღებამდე გაიარა და აქვს ვადიანი საბუთი, მანქანის ტექდათვალიერება თავიდან მოუწევს.
„ მთავრობის მე-80-ე დადგენილებაში ცალსახად არის მითითებული, რომ აირბალონზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმება მხოლოდ აკრედიტებულმა პირმა უნდა განახორციელოს.“

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი მოუმზადებელია. მათი ორგანიზაცია მსგავსი ფორმით აირბალონიანი მანქანების შემოწმების წინააღმდეგია.
„ორი კომპანია, რომელიც აღნიშნულ ტექდათვალიერებას ახორციელებს, სახელდახელოდ შეიქმნა. აქ უნდა მივიდეს დაახლოებით 300 000-მდე ავტომობილი, ეს ტექნიკურად შეუძლებელი და წარმოუდგენელია. საკითხი უპასუხისმგებლოდაა მომზადებული. ჩვენი ინიციატივაა, გაზის სისტემები შემოწმდეს მაშინ, როდესაც ტექდთვალიერება გახდება სავალდებულო. მძღოლმა რა ქნას, გაზის სისტემა ცალკე ამოწმოს, სამუხრუჭე და საჭის ცალკე?! ეს დანაწევრება მიუღებელია და მხარს არ ვუჭერთ. ვფიქრობ, საქმე გვაქვს ბიუჯეტის შევსებასთან და ვიღაცის ბიზნესინტერესთან.“

ბიუჯეტის შევსების გამო შემოღებულ ცვლილებაზე საუბრობს მძღოლების ნაწილიც.
ხალხი მშიერია, ვტაქსაობ იმისთვის, რომ ლუკმა პურის ფული მაინც ვიშვო. ჩვენ ეგ ზედმეტი ხარჯიღა გვინდოდა?! ეს იგივეა, ჯიბიდან ფული ამოგვარიდონ და ცოლ-შვილი მშიერი დაგვიტოვონ. ალბათ, მთავრობას ეს ბიუჯეტის შესავსებად სჭირდება. ჩემი მანქანა 22 წლისაა, ვენახშიც ამით დავდივარ და ვტაქსაობ კიდეც, აბა რა ვქნა? მე არ მინდა კარგი ავტომობილით ვიარო?!“- ამბობს ვალერი ზირაქაშვილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით აზრი გურჯაანელმა ირაკლი სესიაშვილმაც გამოთქვა.
„ჩემი მანქანა 1989 წელშია გამოშვებული, მაგრამ რა ვქნა, რით ვიარო, როცა ახლის ყიდვის საშუალება არ მაქვს. დათვალიერება მაშინ უნდა შემოიღონ, როდესაც ქვეყანაში ყველა პრობლემას მოაგვარებენ. პური ვერ გვიყიდია, რომ სახლში წავიღოთ და ეს ხარჯიღა გვეკლდა!“

აქვე განვმარტავთ, რომ მძღოლებს ტექდათვალიერების გავლა 3-5 წელიწადში ერთხელ მოუწევთ. თუკი ისინი შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე იმოძრავებენ, საპატრულო პოლიცია მათ 100 ლარით დააჯარიმებს.
გთავაზობთ იმ კომპანიების მისამართებს, სადაც მანქანის ტექდათავლიერებაა შესაძლებელი. შპს „აირბალონის“ მისამართია- თბილისი, მექანიზაციის ქუჩა #1, „გაზინჟინერის“ კი თბილისი, გაბაშვილის ქუჩა #7.


აირბალონზე მომუშავე ავტომობილების ტექდათვალიერების ვადები იხილეთ ინფოგრაფიკაზე:


| Print |
FaceBook Twitter Google