საზოგადოება
თეა წულუკიანმა არხილოსკალოს საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს რიგით 35-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა.
ცენტრი  არა მარტო ამ სოფელში მცხოვრებ 2000-მდე მომხმარებელს მოემსახურება, არამედ მიმდებარე სოფლების − ზემო და ქვემო ქედის, საბათლოს, ფიროსმანისა და სამთაწყაროს − მცხოვრებთაც.

დღესვე იუსტიციის მინისტრმა საარჩევნო სიის დაზუსტების მიზნით პირადობის მოწმობების უფასოდ მისაღებად გამოცხადებული აქციის ფარგლებში 9 ადგილობრივ მოსახლეს პირადობის ელექტრონული მოწმობა გადასცა. იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 15 ივლისიდან 15 სექტემბრამდე პირადობის მოწმობის აღებას უფასოდ შეძლებენ ის მოქალაქეები, რომელთაც უკვე შეუსრულდათ ან 9 ოქტომბრამდე შეუსრულდებათ 18 წელი, რომელთა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს არჩევნებამდე ეწურება მოქმედების ვადა.

სოფელ არხილოსკალოს საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. აქვე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკა. საზოგადოებრივი ცენტრის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზით სარგებლობა მკვიდრ მოსახლეობასთან ერთად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ.


| Print |
FaceBook Twitter Google