საზოგადოება
არასრული ინფორმაცია კახეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის ვებგვერდებზე
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” პერიოდულად იკვლევს, თუ რამდენად გამჭვირვალედ მუშაობენ სხვადასხვა რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები და რამდენად აქვს მოსახლეობას შესაძლებლობა, თვალი ადევნოს მათ საქმიანობას.
არასამთავრობო ორგანიზაცია,  ამჯერად, კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვებგვერდების მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.


კვლევის ძირითადი მიგნებები:

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულებებს 2013 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ/გამოეცათ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები, თუმცა კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნული ვალდებულება კახეთის არც ერთ მუნიციპალიტეტს არ შეუსრულებია.

-ყველა მუნიციპალიტეტს აქვს მიღებული დადგენილება საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ, მაგრამ დადგენილებით ნაკისრ ვალდებულებებს თითქმის არც ერთი მუნიციპალიტეტი არ ასრულებს, ამასთან, გამჭვირვალობისა და ინფორმაციულობის სტანდარტებს მათ მიერ შექმნილი ვებგვერდები ძირითადად ვერ აკმაყოფილებს;

-დადგენილებით ნაკისრი ვალდებულების მიუხედავად, ყვარლის (www.kvareli.ge), დედოფლისწყაროსა (www.dedoplistskaro.ge) და თვითმმართველი ქალაქი თელავის (www.telavi.gov.ge)1 მუნიციპალიტეტის ვებგვერდი ამჟამად არ ფუნქციონირებს;

- მხოლოდ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტს ვებგვერდი www.telavi-temi.ge მოიცავს სრულად იმ ინფორმაციას, რაც საკრებულომ დაადგინა. თემი თელავის ვებგვერდი არის ყველაზე ხშირად განახლებადი ვებგვერდი კახეთის მუნიციპალიტეტებში;

-კახეთის ყველა მუნიციპალიტეტი სარგებლობს სოციალური ქსელით Facebook, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური ქსელით სარგებლობა ვერ მიიჩნევა ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტის დაცვად, ვინაიდან ფორმატიდან გამომდინარე, მსგავსი სოციალური ქსელები ინფორმაციის გასაჯაროების მხოლოდ დამხმარე და არა ძირითად საშუალებას წარმოადგენენ.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

-"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2016 წლის 25 მარტს მიიღო დადგენილება ინფორმაციის პროაქტიურად გამოქვეყნების წესის შესახებ. მიღებული დადგენილებით არ არის დარეგულირებული პროაქტიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის სია.

-საიტზე მითითებულია ცალკე გამგეობის და ცალკე საკრებულოს საერთო (ტელეფონი/ელ-ფოსტა) საკონტაქტო ინფორმაცია. მაგრამ არ არის მითითებული ცხელი ხაზის ნომერი. საიტზე განთავსებულია საკრებულოს თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილის ბიოგრაფიული მონაცემები, მაგრამ მითითებული არ არის მათი პირადი საკონტაქტო ინფორმაცია. არის საკრებულოს ფრაქციების ჩამონათვალი და ფრაქციების თავმჯდომარეების, მაგრამ არ არის ფრაქციების წევრების სახელები და გვარები და არც მათი საკონტაქტო ინფორმაცია.

-ვებგვერდზე მითითებულია საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების სახელები და გვარები, მაგრამ არ არის კომისიების წევრების შესახებ ინფორმაცია, არც საკრებულოს წევრების, კომისიების თავმჯდომარეების და კომისიების წევრების და საკრებულოს აპარატის საკონტაქტო ინფორმაცია.

-საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად იყენებს Facebook გვერდს და ანახლებს ინფორმაციას საკრებულოს აქტივობების შესახებ.

-ვებგვერდზე განთავსებულია გამგებლის და მისი მოადგილეების შესახებ ბიოგრაფიული მონაცემები, მაგრამ არ არის მათი საკონტაქტო ინფორმაცია. საიტზე ასევე არ არის განთავსებული გამგებლის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიულ ორგანოებში (სოფლებში) წარმომადგენლების შესახებ არანაირი საკონტაქტო ინფორმაცია.

-საგარეჯოს მაჟორიტარ დეპუტატზე და მაჟორიტარის ბიუროზე არის ბიოგრაფიული მონაცემები, მაგრამ არ არის საკონტაქტო ინფორმაცია.

-მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და შესყიდვების გეგმა ცალკე, თვალსაჩინო ადგილას გამოქვეყნების ნაცვლად, ახალი ამბების განყოფილებაშია გამოქვეყნებული, როგორც ეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ჩვენთან სატელეფონი საუბრისას განაცხადეს. აღნიშნული წესით ბიუჯეტის გამოქვეყნება არამიზანშეწონილია, რადგან ინფორმაციის მოძიება რთულია.

სიღნაღის მუნიციპალიტეტი

-სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2014 წლის 3 სექტემბერს მიღებული დადგენილებით, მუნიციპალიტეტი ვალდებულია გამოაქვეყნოს: ბიუჯეტი, შესყიდვების გეგმა, მუნიციპალური ორგანოების წლიური ანგარიში, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის სტატისტიკა, მაგრამ აღნიშნული პუნქტები არ სრულდება (გამოქვეყნებულია მხოლოდ 2012 წლის ბიუჯეტი).

-ვებგვერდზე მითითებულია საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ბიოგრაფია, მაგრამ არ არის მითითებული მათი საკონტაქტო ინფორმაცია. ამავდროულად არ არის არანაირი ინფორმაცია საკრებულოს კომისიებზე.

-ვებგვერდზე არის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და საჯარო მოხელეების საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც Exce-ისl დოკუმენტშია მოცემული. ვებგვერდზე არ არის მითითებული ცხელი ხაზის ნომერი, ამავდროულად საკონტაქტო გრაფაში არის ონლაინ ფორმით წერილის გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ არ არის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, რაც ართულებს მუნიციპალიტეტთან კომუნიკაციას.

-სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ფეისბუკ გვერდზე ბოლო პოსტი დადებული 2015 წლის მაისში, გამგეობის გვერდზე კი ყოველ მეორე ან მესამე დღეს იდება განახლებული ინფორმაცია.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის დადგენილებით, მუნიციპალიტეტი ვალდებულია გამოაქვეყნოს შესყიდვების წლიური გეგმა, წლიური ბიუჯეტი, საკრებულოს მუშაობის შესახებ წლიური ანგარიში, ინფორმაცია მოსაკრებლებისა და ტარიფების შესახებ. საკრებულოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების მიუხედავად, ეს ინფორმაცია ვებგვერდზე არ იძებნება.

საიტზე არ არის მითითებული ცხელი ხაზის ნომერი (თუმცა მითითებულია პროაქტიურ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის ნომერი).
საიტზე არ იძებნება გამგებლის მოადგილეების ბიოგრაფია და ასევე ინფორმაცია მაჟორიტარ დეპუტატზე.

ახმეტის მუნიციპალიტეტი

-ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2014 წლის 1 სექტემბერს მიღებული დადგენილებით, მუნიციპალიტეტი ვალდებულია აქვეყნებდეს შესყიდვების წლიურ გეგმას, საკრებულოს წევრების შესახებ მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს, საკრებულოს სხდომის ოქმებს, საკრებულოს ანგარიშებს, მაგრამ დადგენილების ეს ნაწილი არ სრულდება.

-ვებგვერდის გახსნისთანავე გამოსაჩენ ადგილზე განთავსებულია საკონტაქტო ქალაქის ტელეფონის ნომერი, რომელიც შეგვიძლია მივიჩნიოთ ცხელი ხაზის ნომრად.

-გამგებელსა და მის მოადგილეებზე არის მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები, თუმცა არ არის მითითებული ტელეფონი და ელ-ფოსტა. საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს მითითებული აქვთ ტელეფონის ნომრები ელ-ფოსტის გარეშე.

-საკრებულოს წევრების შესახებ გრაფაში არ არის მითითებული ტელეფონის ნომრები, მაგრამ საკონტაქტო ნომრები მითითებულია საკრებულოს კომისიების გრაფაში, სოფლების რწმუნებულების და სამსახურების უფროსების ტელეფონებს ნომრები განთავსებულია მხოლოდ ფეისბუკის გვერდის ჩანაწერებში.

-მუნიციპალიტეტის წლიური ბიუჯეტი ადვილად მისაგნებ განყოფილებაში არ არის გამოქვეყნებული.

გურჯაანის მუნიციპალიტეტი


-გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2016 წლის 4 აპრილს მიიღო დადგენილება, რითაც განსაზღვრულია, რომ უნდა ქვეყნდებოდეს მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელების, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები. აღნიშნული ინფორმაცია სრულად არ ქვეყნდება. ამ დადგენილების საფუძველზე საიტზე ბიუჯეტთან ერთად უნდა ქვეყნდებოდეს შესყიდვებს გეგმა და საკრებულოს შესახებ ანგარიშები, რაც ასევე არ არის გამოქვეყნებული.

-ვებგვერდზე არ არის მითითებული გამგებლის ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტის მისამართი, ასევე არ არის მითითებული გამგებლის მოადგილეების ტელეფონის ნომრები

-ვებგვერდზე ასევე არ არის მითითებული საკრებულოს თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილის ტელეფონი ნომრები, საკრებულოს წევრების სია, ფრაქციების, სოფლის რწმუნებულების, მაჟორიტარი დეპუტატის და ზოგადად, საკონტაქტო ინფორმაცია.

ქალაქი თელავი

-ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2014 წლის 3 აგვისტოს მიიღო დადგენილება ინფორმაციის პროაქტიურად გამოქვეყნების წესის შესახებ.

-ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდის მისამართად განსაზღვრულია www.telavi-gov.ge, მაგრამ ვებგვერდი არ ფუნქციონირებს.

-თვითმმართველი ქალაქი თელავის მერია იყენებს ფეისბუკ გვერდს, სადაც აქვეყნებს ინფორმაციას საკრებულოს და მერიის აქტივობების შესახებ

ყვარელი
-ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2014 წლის 17 ოქტომბერს მიიღო დადგენილება ინფორმაციის პროაქტიურად გამოქვეყნების წესის შესახებ. ყვარლის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდის მისამართად განსაზღვრულია www.kvareli.ge. ამის მიუხედავად, ვებგვერდი არ ფუნქციონირებს.

-ყვარლის მუნიციპალიტეტი იყენებს ფეისბუკის გვერდს და პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას გამგეობის თანამდებობის პირების მიმდინარე აქტივობების შესახებ. ჩვენი რეკომენდაციის მიუხედავად, ფეისბუკის გვერდზე დაემატებინათ გამგეობის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტის მისამართი, დღემდე არ არის გამოქვეყნებული აღნიშნული ინფორმაცია. ასევე არც ერთი თანამდებობის პირის და საჯარო მოხელის საკონტაქტო ინფორმაცია, აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვნად აფერხებს მუნიციპალიტეტთან კომუნიკაციის პროცესს.

დედოფლისწყარო

-დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს 2013 წლის 25 სექტემბერს მიღებული აქვს დადგენილება ინფორმაციის პროაქტიურად გამოქვეყნების შესახებ.

-დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის მისამართად განსაზღვრულია www.dedoplistskaro.ge ვებგვერდი არ ფუნქციონირებს.

მუნიციპალიტეტს აქვს ფეისბუკგვერდი, სადაც ქვეყნდება სიახლეები, მაგრამ არ აქვთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ-ფოსტა, ცხელი ხაზი ა.შ.).

| Print |
FaceBook Twitter Google