საზოგადოება
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება
20 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება. ამასთან დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.


პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს;

1. გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი), ღირებულება 10 ლარი.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში.

ნადირობისათვის დადგენილი მოთხოვნები:

ნადირობა აკრძალულია:

- სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში;
- საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.


აკრძალულია შემდეგი მეთოდების გამოყენება:

• მცენარეული საფარის დაწვა;
• გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა;
• ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველების), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა; საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
• ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;
• მთელი წლის განმავლობაში აკრძალულია ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა (გარდა სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისა).

ნადირობისას დაშვებულია:

• მონადირე ძაღლების გამოყენება;
• მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) მთელი წლის განმავლობაში ნადირობისათვის დაშვებულ ტერიტორიებზე. (პირი, რომელიც ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში, ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას (დაგეშვას), ვალდებულია სანადირო იარაღში იქონიოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები).
• სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების გამოყენება, ამ ფრინველის ფლობის კანონიერების დამადსტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში.

დაშვებულია შემდეგი სანადირო იარაღების გამოყენება:
ა) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);
ბ) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);
გ) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი);
დ) სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი;
ე) სანადირო პნევმატური იარაღი.

ნადირობის წესების დარღვევად ითვლება:
ნადირობა შესაბამის დოკუმენტების გარეშე, აგრეთვე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, აკრძალული მეთოდებით, მოწყობილობებით და იარაღით.
ნადირობის წესების დარღვევაზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები;
ამასთან, გარეული ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას ემატება გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხაც.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები გათვალისწინებულია ასკ 86-ე და 893-ე მუხლებით;
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები გათვალისწინებული
სსკ 301-ე მუხლით.

ნადირობის სეზონი 2017 წლის პირველ მარტამდე გაგრძელდება.
| Print |
FaceBook Twitter Google