საზოგადოება
იყალთოს ხევის ტერიტორიის განაშენიანება იგეგმება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა იყალთოში ქვევრის სკოლა-სახლის მშენებლობა დაათვალიერა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა და თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა იყალთოს ხევის განვითარებაზეც იმსჯელეს.
იყალთოს ხევის განვითარების პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სხვა შესაბამის სამთავრობო უწყებებთან ერთად ახორციელებს. პირველ ეტაპზე მიმდინარეობს როგორც იყალთოს ხევის ტურისტული მიმზიდველობის შესაძლებლობების, ასევე მისასვლელი საავტომობილო გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მდგომარეობის, მათი რეაბილიტაცია-მშენებლობისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებების პირველადი შესწავლა, მეწყრული პროცესებისა და მათი გამომწვევი მიზეზებისა და ქარის ნაკადების კვლევა.

გარდა ამისა, მოხდება იყალთოს ხევში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების არქეოლოგიური-კვლევითი სამუშაოების დაგეგმვა, ასევე იყალთოს ხევის უძრავი ქონების კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება და მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების სრულყოფა. პროექტის ფარგლებში  განხორციელედება იყალთოს ხევის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცება.

რაც შეეხება იყალთოს ქვევრის სკოლა-სახლს, ეს მნიშვნელოვანი ობიექტი ქვევრის ტრადიციების აღდგენასა და სოფელ იყალთოს ტურისტული, რეკრეაციული და საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარებას მოემსახურება. მშენებლობის დასრულების შემდეგ ტურისტებს და ყველა დაინტერესებულ ადამიანს შესაძლებლობა ექნება შეისწავლოს ქვევრის დამზადების ტექნოლოგია და გაეცნოს ქართულ ტრადიციებს. ქვევრის სახლში ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.
| Print |
FaceBook Twitter Google