საზოგადოება
„41“, „ბიძო“ - წარწერები პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისებზე
დღეს დილით გურჯაანში პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრებს ოფისის ფასადზე დახვდათ წარწერები - „41“ და „ბიძო“.

”მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ხაზიური ვანდალურ ფაქტში ორ პარტიას: „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს.
„დაგვხვდა წარწერები „ქართული ოცნების“ ფერით. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ორი ძირითადი ძალა გვებრძვის - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“. ყელში ვეჩხირებით მათ და ისტერიულად გვებრძვიან. აუცილებლად დავწერთ საჩივარს. მინდა, მივმართო რეგიონულ საგამოძიებო ორგანოებს სასწრაფოდ მოხდეს ობიექტური გამოძიება, რისი იმედიც ნაკლებად გვაქვს. არჩევნებისთვის ყველას თავის პასუხს გავცემთ და ხალხი დაინახავს ვინ ვინ არის. შესაბამისად, მოსახლეობა პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს „ოცნებასაც“ და „ნაციონალურ მოძრაობასაც.“ - აღნიშნა მან.

ბრალდებას უარყოფს და აბსურდულს უწოდებს გურჯაანში „ქართული ოცნების “ შტაბის შეხვედრების კოორდინატორი კოტე ბერიძიშვილი.
„ბურჭულაძესთან და ხაზიურთან საბრძოლველი არაფერი გვაქვს. უკვე ხვდებიან რა უფსკრულშიც აღმოჩნდნენ და პატარ-პატარა პროვოკაციებით ცდილობენ ნულზე დაცემული რეიტინგი ცოტათი მაინც ამოწიონ. ვის აქვს იმის დრო, რომ, მათ საღებავებით სდიოთ. თუ ვინმეს სჯერა, ეს არ ვიცი. მაგრამ არ მგონია ასეთმა პროვოკაციამ უშველოთ.“

ფაქტს გმობს „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის წევრი ნიკა ნიჟარაძეც.
„რა თქმა უნდა, დასაგმობია ის ფაქტი, რომ ოპიზიციურად განწყობილი პარტიის ოფისი შეღებეს, ამ გზით პარტიის წევრებსა თუ ამომრჩევლებზე მორალურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ. ეს არის ოპოზიციურად განწყობილი პარტიების არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში ჩაყენება. ამ შემთხვევაში ერთადერთი, ვინც შეიძლება დამნაშავე იყოს, არის ყოველთვის ხელისუფლება. ამჯერადაც ასე იქნება. ჩვენ მივესალმებით ყველა პროდასავლური ძალის გაძლიერებას, მათ შორის როგორიც არის პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური მოძრაობა. აქედან გამომდინარე, სოლიდარობას ვუცხადებთ მათ. რაც შეხება ჩვენზე წამოსულ ბრალდებებს, კატეგორიულად უარვყოფთ. თუ ხაზიური ფიქრობს, რომ ამაში შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელი ერიოს, ეს ადამიანი პოლიტიკურად სრულიად გაუთვითცნობიერებელი და გაუნათლებელი ყოფილა.“

პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრებს, ანალოგიურად დღეს დილით ოფისზე წარწერები კიდევ ორ რაიონში - ლაგოდეხსა და წნორში დახვდათ.

| Print |
FaceBook Twitter Google