საზოგადოება
წლის ბოლომდე სოფელ დარჩიეთს ახალი გზა ექნება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიეთში 2140 მეტრი სიგრძის ახალი გზა დაიგება. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.


15%-იან თანადაფინანსებაში გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მონაწილეობს. სამუშაოებს სააქციო საზოგადოება "კავკასავტომაგისტრალი" ასრულებს. პროექტის ღირებულება 592 126 ლარია.
„საბჭოთა პერიოდის შემდეგ ამ სოფელში გზა არ დაგებულა. ამის გამო მოსახლეობას გარესამყაროსთან დაკავშირება უჭირდა. 3 კვირაა, რაც სამუშაოები დაიწყო. მოგეხსენებათ, დარჩიეთს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი აქვს მინიჭებული და ამ გზის მშენებლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მისი განვითარებისთვის. ეს შეაჩერებს სოფლიდან მოსახლეობის მიგრაციას და ადგილობრივებისთვის მეტი პერსპექტივა გაჩნდება.“-აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ზვიად ბიაშვილმა.

მისივე თქმით, თავდაპირველი პროექტის მიხედვით გზა სოფლის ბოლომდე უნდა დაგებულიყო. მოსახლეობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თხოვნით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროექტის კორექტირება მოახდინა და სოფლის ცენტრალური გზა ნანიანის ასფალტირებულ გზას შეუერთდება. სამუშაოები ნოემბრის ბოლომდე დასრულდება.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გზა / დარჩიეთი /