საზოგადოება
გურჯაანის საოლქო კომისიამ "სამართლიანი არჩევნების" საჩივარი არ დააკმაყოფილა
გურჯაანის #12 საოლქო საარჩევნო კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" საჩივარი, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან კოდექსის დარღვევას ეხებოდა, არ დააკმაყოფილა.
კომისიის თავმჯდომარის მაია ჩუთლაშვილის განმარტებით, 29 აგვისტოს ჩალაუბნისა და მელაანის საუბნო კომისიის წევრები ჯერ კიდევ არ წარმოადგენდნენ უფლებამოსილ პირებს. აღნიშნული მიზეზის გამო საოლქო საარჩევნო კომისიამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ შეადგინა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ საოლქო კომისიას გასულ კვირას მიმართა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 29 აგვისტოს, 17:00 საათზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წინასარჩევნო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ #35 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ანზორ დათუნაშვილი, მერი მესხიშვილი, ქეთევან დათუაშვილი.

ამავე დღეს, 18:00 საათზე, სოფელ ჩალაუბანში, დავით სონღულაშვილის ამომრჩეველთან შეხვედრას დაესწრნენ #34 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ზაალ საგინაშვილი და დიანა ნათიძე. როგორც გავარკვიეთ, ხუთივე პირი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერაა დანიშნული და არა რომელიმე პარტიის. არასამთავრობო ორგანიზაციამ საოლქო კომისიას აღნიშნული შეხვედრების ამსახველი ფოტომასალაც მიაწოდა.

საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის, მეოთხე პუნქტის თანახმად, კომისიის წევრს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

| Print |
FaceBook Twitter Google