საზოგადოება
გურჯაანის საკრებულომ „კახეთი იონს“ მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ გადასცა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სამედიცინო ცენტრ „კახეთი იონს“ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ გადასცა. ამ საკითხს საკრებულოს დეპუტატების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა.


მათ მოითხოვეს, რომ გამგეობამ ფრანგულ მხარეს პირობა ჩაუდოს, რომ გურჯაანის მოსახლეობამ სამედიცინო მომსახურებისას გარკვეული შეღავათებით ისარგებლოს.
„რა თქმა უნდა, მეც და საკრებულოს ყველა წევრი მიესალმება თუ გურჯაანში კიდევ ერთი ჯანდაცვის ობიექტი გაიხსნება. ჩვენი მოთხოვნა იყო ის, რომ როცა ხდება ტერიტორიის უსასყიდლოდ გადაცემა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის გინდაც ასაკოვანი ხალხისთვის ან მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, შეღავათი დაწესდეს. რატომღაც, ისე მოხდა, რომ ამაზე მსჯელობაც არ ყოფილა. მიმაჩნია, რომ გარკვეული ჩარევის შემთხვევაში, ადგილობრივმა ბიუჯეტმა, სარგებელი უნდა მიიღოს. მე პირადად ამ საკითხს მხარი არ დავუჭირე,“-აღნიშნა საკრებულოს წევრმა ალექსანდრე სირბილაშვილმა.

„დეპუტატებს უკმაყოფილება არ გამოუთქვამთ, უბრალოდ წამოჭრეს ასეთი ინიციატივა, რომ სანაცვლოდ ჩაგვედო გარკვეული პირობები. მიუხედავად ამისა, უმრავლესობამ ეს არ მიიჩნია მიზანშეწონილად და შესაბამისად, საკითხი გავიდა იმავე სახით, რა სახითაც იქნა წარმოდგენილი სესიაზე.“ - აღნიშნა საკრებულოს წევრმა, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა თავმჯდომარემ ლევან ხაზიურმა.
მისივე თქმით, „კახეთი იონს“ 273 კვადრატული მეტრი ფართი ქირურგიული ცენტრის მოსაწყობად გადასცეს, რომელიც უახლესი აპარატურით აღიჭურვება.



| Print |
FaceBook Twitter Google