საზოგადოება
ბაღი, რომელიც სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს დაიხურება
მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ადრეული განათლების შესახებ.

გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის ლელა თევდორაშვილის განცხადებით, კანონპროექტი ბაგა-ბაღებში ბევრ საკითხს დაარეგულირებს.
„კანონის თანახმად, დაგეგმილია საბავშვო ბაგა-ბაღებში მთელი რიგი ძირეული ცვლილებები. არის ზოგიერთი მუხლი, რომელიც 2018-2020 წლებში ამოქმედდება. ეს უმეტესად ინფრასტრუქტურას ეხება, რადგან დღეისათვის ბევრი საბავშვო ბაგა-ბაღი ვერ პასუხობს იმ სტანდარტებს, რაც აუცილებელია. კანონის ძალაში შესვლამდე მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება შეხვედრები, სადაც გაერთიანების და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს გაგვაცნობენ სტანდარტებს, რომელიც ბაღებში უნდა დაინერგოს.“-აღნიშნა მან.

მისივე განმარტებით, სტანდარტებს სხვადასხვა სამინისტროები განსაზღვრავენ.
„ კონკრეტულად ჯანდაცვის სამინისტრო, სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან ერთად, ადგენს კვების და ჰიგიენის ნორმებს. ინფრასტრუქტურის სამინისტრო განსაზღვრავს კონკრეტულად ერთ აღსაზრდელზე რამდენი კვადრატული მეტრი უნდა იყოს გამოყოფილი. განათლების სამინისტრო შეიმუშავებს აღმზრდელი პედაგოგის სტანდარტს. მთავრობის მიერ 2017 წლის პირველი სექტემბრისთვის დადგინდება საშტატო განაკვეთები და სახელფასო ნორმები. “

ლელა თევდორაშვილის თქმით, 2017 წლის პირველი აპრილიდან ბაგა-ბაღებში დასაქმებული აღმზრდელების გადამზადება დაიწყება.
„ აქედან გამომდინარე, აღმზრდელი მიიღებს პედაგოგის სტატუსს და მის საბაზისო ხელფასს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, ჯგუფში იქნება კიდევ აღმზრდელი, რომელსაც დღეს თანაშემწე ჰქვია. მოხდება ცვლილება ჯგუფებში ბავშვთა რაოდენობაზე. ბაგის ჯგუფში - 25 ხოლო უფროსების ჯგუფში 30 ბავშვი იქნება. კონტინგენტიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, პერსონალის რაოდენობაც დაემატება. გასარკვევია სასკოლო მზაობის ჯგუფის საკითხებიც.“
ლელა თევდორაშვილის თქმით, 2017 წლის პირველ სექტემბრამდე თითოეულმა ბაღმა ლიცენზირება უნდა გაიაროს. იმ შემთხვევაში თუ სააღმზრდელო დაწესებულება ყველა სტანდარტს არ დააკმაყოფილებს, დაიხურება.

| Print |
FaceBook Twitter Google