საზოგადოება
დიდნაურის ნაქალაქარზე არქეოლოგიური სამუშაოები გრძელდება
კახეთის გუბერნატორმა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა, დიდნაურის ნაქალაქარში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები დაათვალიერეს.


დიდნაურის ნაქალაქარზე არქეოლოგიური სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაიწყო . ნაქალაქარი,სატელიტური ფოტოების გაშიფვრის შედეგად აღმოაჩინეს. მცირე გათხრითი სამუშაოების მიხედვით, ნაქალაქარი სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი ზომისაა; შვიდი მეტრის სიგანის გალავანი ქვის, თიხის და ხის კონსტრუქციებით არის ნაგები. გალავნის სიგრძე დაახლოებით 1.5 კმ-ია. ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში დიდი ზომის ნაგებობებია. ექსპედიციამ, ნაქალაქარის წყლის მომარაგების სისტემაც გამოავლინა; გალავნის სამხრეთი ნაწილის გათხრებისას, კარიბჭის მახლობლად, აღმოჩნდა ორი რიტუალური ნაგებობა, ე. წ. „შესაწირი მაგიდით“, ასევე მიაკვლიეს ერთ საცხოვრებელ სათავსოს. დიდი რაოდენობით აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის (ნაცრისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭელი, ქვის საბრძოლო იარაღები, თიხის საბეჭდავები და ბრინჯაოს ნივთების ფრაგმენტები) მიხედვით, „დიდნაურის“ ნაქალაქარი ძვ. წ. მეორე ათასწლეულის დასასრულით და ძვ. წ. პირველი ათასწლეულის დასაწყისით თარიღდება.

არქეოლოგიური გათხრების დროს სავარაუდოდ, ბრძოლაში დაღუპული მხედართმთავრის სამარხი გაითხარა. მუცლის არეში ჩონჩხს აღმოაჩნდა ისრის პირი, რომელიც არ არის კავკასიური წარმომავლობის. ასევე, მას ზურგთან აქვს ბრინჯაოს მახვილი (ძვ.წ.აღ-ის XIII ს.).
დიდნაურის ნაქალაქარზე არქეოლოგიური სამუშაოები წელსაც გაგრძელდება. მთლიანი კომპლექსის გამოკვლევამ, შესაძლოა, ძირეულად შეცვალოს დასკვნები ჩვენი წარსულის შესახებ და მრავალი საუკუნით გადაწიოს აღმოსავლეთ საქართველოში სახელმწიფოს ჩამოყალიბების თარიღი.
| Print |
FaceBook Twitter Google