საზოგადოება
იუსტიციის სახლის ახალი პროექტი ახალშობილებისთვის
იუსტიციის სახლი სოციალურად დაუცველ მშობლებს და მათ ახალშობილებს ახალ სერვისს სთავაზობს. სერვისი სოციალურად დაუცველ ოჯახებში (100 000-მდე ქულა) დაბადებული ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და საქართველოს 19-ე იუსტიციის სახლს მოიცავს.

ახალი პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით ხორციელდება. სერვისი სპეციალური შეფუთვით პირველადი დანიშნულების ნივთების, ჰიგიენური საშუალებებისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ რეკომენდებული საკვები დანამატის საჩუქრად გადაცემას ითვალისწინებს, რომელიც ახალშობილის დაბადების მოწმობასთან ერთად გაიცემა.
„ჩვენი გრძელვადიანი მიზანი პარტნიორების მოზიდვა, სასაჩუქრე პაკეტის გამდიდრება და დაბადების მოწმობასთან ერთად გაცემაა არა მხოლოდ იუსტიციის სახლებში, არამედ ჩვენი სისტემის ყველა ტერიტორიულ სამსახურსა და საზოგადოებრივ ცენტრში, სადაც მოქალაქე დაბადებას არეგისტრირებს. პროექტის პოპულარიზაციასთან ერთად, სოციალურად დაუცველ მშობლებს ბავშვის დაბადებამდე ბევრად ადრე ეცოდინებათ, რომ დაბადების რეგისტრაციისას, დაახლოებით, 60 ლარის ღირებულების პირველადი მოხმარების საგნებს მიიღებენ და მოცემულ თანხას ბავშვისათვის საჭირო სხვა ხარჯების დასაფინანსებლად მიმართავენ. ამ გზით იუსტიციის სახლი ყოველი სოციალურად დაუცველი ახალშობილის მეგობარი გახდება“, − განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

სპეციალური საჩუქარი შედგენილია კვლევის საფუძველზე და დაკომპლექტებულია ახალშობილი ბავშვისთვის პირველადად საჭირო ნივთებით და 180 ცალი საკვები დანამატის ვიტამინებით, რომლებიც „UNICEF“-ის სტანდარტით კვების დეფიციტის აღმოფხვრისთვის არის აუცილებელი. სტატისტიკური მონაცემებით, დღეს საქართველოში 100 000 ბავშვზე მეტი კვების დეფიციტის მქონეა, რაც ხელს უშლის მათ ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას; ამ დეფიციტის აღმოფხვრა კი ურთულესია ორი წლის ასაკის შემდეგ.
თეა წულუკიანმა საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ ანტუან ბარდონთან ერთად ფონდი „Salve“ მიმდინარე წლის 3 მარტს დააფუძნა. ფონდის პირველი შემწირველები საფრანგეთის ყოფილი ელჩი საქართველოში რენო სალენსი და საქართველოში მოღვაწე ფრანგი, ქართველი და ამერიკელი ბიზნესმენები არიან.

ფონდს მხოლოდ ორი კონკრეტული მიზანი აქვს: ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვებისთვის პროექტების დაფინანსება; სოციალურად დაუცველ ახალშობილ ბავშვებში კვების დეფიციტის აღმოფხვრის ხელშეწყობა. პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ ფონდ „Salve“-ს მხარდაჭერით ისარგებლებს.
| Print |
FaceBook Twitter Google