ქალაქ გურჯაანის ნომერ პირველ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ამ
დრომდე არ განახლებულა, რადგან სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ
მიმდინარეობს.
როგორც ჩვენთან საუბარში მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დიმიტრი
კალატოზიშვილმა განაცხადა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ობიექტი 23
სექტემბრამდე უნდა ჩაებარებინა, თუმცა, ვერ მოახერხა.
„ ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია შპს
„არტიფექსი“ ასრულებს. ხელშეკრულება 310 ათას ლარზეა გაფორმებული.
აღნიშნულ კომპანიას სამუშაოების დასრულების ვადა 23 სექტემბრამდე
ჰქონდა, მაგრამ ვერ პირობა ვერ შეასრულა. შესაბამისად, ხელშეკრულებით
გათვალისწინებული საჯარიმო სანქცია დაეკისრა. მას ყოველ
ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ერთი პროცენტი
ერიცხება. ზოგადად, მუშაობა გვიან დაიწყეს. ერთი პერიოდი კარგად
მუშაობდნენ, აგვისტოს თვეში ისევ შეაჩერეს, ამიტომ პროცესი ძალიან
გაუხანგრძლივდათ.“
მისივე თქმით, გამგეობის კომისიამ შესრულებული სამუშაოების ნაწილი
დაიწუნა.
„ეზოში დაგებული ფილები კომისიამ დაიწუნა. ამიტომ აყარეს და ხელახლა
აგებენ. შიდა სამუშაოებს რაც შეეხება, იქ უხარისხობის გამო წუნი არ
შეგვიტანია. ამჟამად დასრულებას დღედღეზე ველოდებით. ზედამხედველობისა
და ინფრასტრუქტურის სპეციალისტები ყოველდღიურად იქ არიან. მეც
რეგულარულად თვალ-ყურს ვადევნებ.“
დიმიტრი კალატოზიშვილის თქმით, შესრულებულ სამუშაოს კომისია
შეამოწმებს და სანამ ყველაფერი წესრიგში არ იქნება, ობიექტს არ
ჩაიბარებს.
მასალის გამოყენების პირობები