საზოგადოება
ზუგდიდში და მარნეულში განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარეობს
დღეს, 4 საარჩევნო უბანზე საქართველოს პარლამენტის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით განმეორებითი კენჭისყრა იმართება.


განმეორებითი კენჭისყრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის ორ და სოფელ განმუხურის ერთ უბანზე (№66.67.38, №66.67.79 და №66.67.108), ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს ერთ საარჩევნო უბანზე (№36.22.48) მიმდინარეობს. ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აღნიშნულ 3 საარჩევნო უბანზე, ასევე იმართება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა. (შესაბამისად, ამომრჩევლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნებზე მიიღებენ 2-2 ბიულეტენს, ხოლო მარნეულში - ერთს).

როგორც ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 8:00 სთ-დან გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. მარნეულის მუნიციპალიტეტის №48-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 1 436 , ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამივე საარჩევნო უბანზე ჯამში 2 844 ამომრჩეველი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საქართველოს პარლამენტის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობას იღებს 6 კანდიდატი, მარნეულის საარჩევნო ოლქში - 8 კანდიდატი, ხოლო გამგებლის არჩევნების განმეორებით კენჭისყრაში - 4 კანდიდატი.
| Print |
FaceBook Twitter Google