საზოგადოება
რას გულისხმობს ტყის ახალი კანონი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემში 6 სოფელია. უმრავლესობა გაზიფიცირებულია, თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის გათბობის ძირითადი საშუალება მაინც შეშაა. როგორც იქაურები ამბობენ, მათთვის უცნობია, რის უფლებას აძლევთკანონი, სად შეიძლება მოჭრან ხე, რა ღირს ბილეთი ან ვის უნდა მიმართონ. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ ტყე მათი სოფლების სიახლოვეს არ არის, ამიტომ შეშას კერძო პირებისგან ყიდულობენ.
სოფელ კაზლარის მკვიდრი, ორი მცირეწლოვანი შვილის მამა ჰამზა გასანოვი ოჯახისთვის შეშას „სამხიდიანი მანქანით“ იმარაგებს, თუმცა ამბობს, რომ მკაცრი ზამთრის შემთხვევაში, ესეც არ არის საკმარისი.

-„სოფელში გაზი გვაქვს, მაგრამ, მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც შეშით თბება. ზოგს გამათბობლის დაყენება იმიტომ არ უნდა, რომ უბედური შემთხვევის ეშინია. მე, პირადად, შეშას სექტემბრიდან ვიმარაგებ. ერთ სამხიდიან მანქანაზე 7 კუბი ეტევა და 400-450 ლარი ღირს. ახლოში ტყე არ არის და ამიტომ აქ გასაყიდად შეშა სხვ არაიონებიდან მოაქვთ. ჩვენ, რომ წავიდეთ, სპეციალური ტრანსპორტი გვჭირდება, ამის პირობები კი არ გვაქვს. ერთი მანქანა ზოგჯერ მთელი ზამთარი არც კი გვყოფნის.“

ამავე სოფლის მცხოვრები 80 წლის ნასრადინ რასულოვის თქმით, მათი დასახლების მიმდებარედ სულ მინდვრებია და ნაყარი შეშის მოგროვებაც კი შეუძლებელია.
-„ჩვენთან მარტო ივრისპირა ნაკრძალია და იქ არ გვიშვებენ, მაშინ საგარეჯოში უნდა წავიდეთ. თვითონ რომ შეგვეძლოს მოტანა, ასეთი ძვირი აღარ დაგვიჯდებოდა, მაგრამ ისიც არ ვიცით, სად შეიძლება მოვჭრათ ხე ან ვისგან უნდა ავიღოთ ნებართვა. პიროვნებას, რომელიც სოფელში ამ საქმით არის დაკავებული, პირადობის მოწმობებს ვაძლევთ და ყველაფერზე ის არის პასუხისმგებელი. ზოგჯერ კი დიდი მანქანით ახმეტიდან ან საგარეჯოდან მოაქვთ გასაყიდად.“

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე 2016 წელს სატყეო სფეროს მარეგულირებელი ახალი კანონი ამოქმედდა, რომელმაც ხე-ტყის უკანონო ჭრისა და კორუფციული საქმიანობის პრაქტიკა უნდა აღმოფხვრას.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, ტყის ახალი კოდექსით რეგულირდება ტყეების კატეგორიზაცია-ზონირების საკითხები, ყალიბდება მუნიციპალური ტყის განსაზღვრისა და ასეთი ტყეების ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მართვის მექანიზმები.
"სოციალური ჭრის ფარგლებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 59 ტყეკაფია გამოყოფილი, საერთო მოცულობით 19 791,7 კბმ. (კუბური მეტრი) ასევე არსებობს გასული წლების აუთვისებელი ნაშთი, 8 083 კბ.მ-ს ოდენობით. დღეის მდგომარეობით, ათვისებულია 14 101,6 კბ.მხე-ტყე. სააგენტომ გასულ და მიმდინარე წელს 3 532 მეტრი გზის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები განახორციელა, რადგან ტყეების ფიზიკური მდგომარეობა აღარ იძლევა საშუალებას მოსახლეობისთვის საჭირო მერქნული რესურსი დასახლებული პუნქტთან ახლოს გამოიყოს. მოქმედი კანონმდებლობით ასევე დადგენილია სოციალური ჭრით ყოველწლიურად დასამზადებელი შეშის მოცულობა: დაბალ ზონაში მცხოვრები მოსახლეობისთვის არა უმეტეს 7 კბ.მ-სა და მაღალმთიანი ზონის მოსახლეობისთვის არაუმეტეს 15 კბ.მ-ისა."-განაცხადეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში.

საგარეჯოს სატყეო უბნის უფროსის კობა შათირიშვილის განმარტებით, ხის მოჭრის ნებართვის აღება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
-"დაინტერესბული პირი უნდა მივიდეს „ლიბერთი ბანკში“, წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და აიღოს ხე-ტყის დამზადების ქვითარი, რომლის ფასი 6 ლარია. თითო ოჯახზე 7 კუბური მეტრია გათვალისწინებული. ბილეთზე წერია ტყეკაფის ნომერი და ასევე ტყის მცველის ტელეფონის ნომერი, რომელსაც უნდა დაუკავშირდნენ. ის დააკვალიანეებს, სად უნდა მოჭრან ხეები.
ამ დროისთვის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ტყის მარაგის პრობლემა არ გვაქვს, თუ ამოიწურა, პერიოდულად გამოვყოფთ და ვნომრავთ სხვა ხეებს. ასე რომ, იორმუღანლოს მცხოვრები იქნება, თუ სხვა სოფლის, არანაირი პრობლემა არ შეექმნება,“-აღნიშნა კობა შათირიშვილმა.

როგორც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში განაცხადეს, ხე-ტყის უკანონო ჭრის შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, განსაზღვრულია ჯარიმები.
-„სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. განმეორების შემთხვევაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით სამართალდარღვევის საგნისა და იარაღის კონფისკაციით.

სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყის საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული წესების დარღვევით ტრანსპორტირება ან ასეთი ხე-ტყის ნებისმიერი ფორმით გასხვისება − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით ან უამისოდ.
ზემოაღნიშნულ ადმინისტრაციულ სანქციებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ემატება გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა და თუ გარემოზე მიყენებული ზიანის თანხა აღემატება 1000 ლარს, დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.“ -განმარტეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში.

საგარეჯოს სატყეო უბნის უფროსის კობა შათირიშვილის თქმით, ამ დროისთვის მრავლადაა გამოვლენილი უკანონო ჭრის ფაქტები, როგორც ადგილობრივი, ისე გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის მიერ.
თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ბოლო წლების სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო ჭრების მაჩვენებლის კლების ტენდენცია შეიმჩნევა.

მარინა ბეროშვილი



სტატიის აზერბაიჯანული ვერსია
| Print |
FaceBook Twitter Google