საზოგადოება
ლაგოდეხის საზამთროს შესაძლოა გეოგრაფიული აღნიშვნა მიენიჭოს
ლაგოდეხის საზამთრო, ტყემალი, კოლხური თხილი, რაჭული ლორი, ჭოპორტის პომიდორი, კოლხური დაფნა და მარნეულის საადრეო კარტოფილი- ეს  იმ პროდუქტების ჩამონათვალია,  რომელთაც შესაძლოა გეოგრაფიული აღნიშვნა მიენიჭოს.
„საქპატენტის“ ცნობით,  გეოგრაფიული აღნიშვნის მატარებელი პროდუქციის ღირებულება 2.5-ჯერ აღემატება ანალოგიური სხვა პროდუქტების ფასს და ბაზარზე განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნილებით სარგებლობს.

„გეოგრაფიული აღნიშვნები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნების რეგიონალურ განვითარებაში, კერძოდ მათი გამოყენება: შესაბამის რეგიონებში ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და შემოსავლების საგრძნობ ზრდას; ამცირებს რეგიონებიდან სამუშაო ძალის გადინებას და პირიქით, ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ადგილებზე დამაგრებას; ზრდის რეგიონის ცნობადობას და ხელს უწყობს აგრარული ტურიზმის განვითარებას“, - ნათქვამია „საქპატენტის“ განცხადებაში.

გეოგრაფიული აღნიშვნა არის გეოგრაფიული არეალის სახელი, რომელიც ისეთი პროდუქტის აღსანიშნავად გამოიყენება, რომლის განსაკუთრებული თვისებები და ხარისხი უშუალოდ განპირობებულია ამ გეოგრაფიული ადგილის დამახასიათებელი, ხშირად უნიკალური, გარემო პირობებით, როგორებიცაა, მაგალითად, ნიადაგი, წყალი, ჰავა, ტრადიციული წარმოების წესი.

"საქპატენტის" ცნობითვე, დროისთვის გამოვლენილია 130-მდე პოტენციური გეოგრაფიული აღნიშვნა.

გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილია.

ამჟამად საქართველოში წარმოებული პროდუქციიდან 40-ზე მეტი (ღვინო, მინერალური წყალი, ყველი და სხვ.) რეგისტრირებულია როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა, რომლის დიდი ნაწილი ქართულ ექსპორტზე გადის.


| Print |
FaceBook Twitter Google