საზოგადოება
„კახეთი იონის“ განვითარებისთვის, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება - ირაკლი ქადაგიშვილი
დღეს კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი გურჯაანში ფრანგულ კლინიკა „კახეთი იონს“ ესტუმრა, მედპერსონალს შეხვდა და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.


როგორც მან აღნიშნა, ცენტრის განვითარებისათვის მომავალში გარკვეული ნაბიჯი გადაიდგმება.
„ჩემი აქ ჩამოსვლის მიზანი იყო კლინიკის მონახულება. ეს არის ერთ-ერთი უნიკალური სამედიცინო დაწესებულება კახეთის რეგიონში. მის შექმნაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ფრანგულ მხარეს. კლინიკას სრულყოფილი დიაგნოსტიკური და სამკურნალო აპარატურა გააჩნია. ექიმების გარკვეული რაოდენობა ყოველ წელს მიემგზავრება საფრანგეთში, რათა აიმაღლონ კვალიფიკაცია. აქ ფუნქციონირებს სკრინინგის და დიალეზის პროგრამა, რომელიც კახეთის მასშტაბით ერთადერთია. მომავალში ცენტრის განვითარებისთვის, კონკრეტული ნაბიჯები კიდევ გადაიდგმება. არსებობს გარკვეული გეგმები, რომელიც იანვარში სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე იქნება განხილული. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა კოლექტივს და ფრანგულ მხარეს ასეთი ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და შედეგებისთვის.“ _ განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.

„კახეთი იონის“ პრეზიდენტის ერიკ ჟანტის თქმით, კლინიკა უახლოეს მომავალში C ჰეპატიტის პროგრამაში ჩაერთვება.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია გუბერნატორის და გამგებლის ვიზიტი. ისინი სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან. ყოველთვის გვაქვს მათთან მჭიდრო ურთიერთობა ყველა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ცენტრის განვითარებას ეხება. დღეს გავაცანით მომავალი პროექტები, რომელიც ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება რეგიონის მოსახლეობისთვის. დავათვალიერებინეთ ოთახი, რომელიც C ჰეპატიტის პროგრამისათვის მოვამზადეთ და უახლოეს მომავალში დავიწყებთ პაციენტების მიღებას.“-აღნიშნა მან.

„გუბერნატორი პირველად არის ჩვენს კლინიკაში და გვიხარია, რომ გავაცანით ყველა ის შესაძლებლობა, რაც პაციენტების მომსახურეობისათვის გვაქვს შექმნილი. ვგეგმავთ, ერთობლივი ძალებით ვიმუშაოთ. ვისაუბრეთ C ჰეპატიტთან დაკავშირებითაც. ეს არის სახელმწიფო პროგრამა, რომელშიც უახლოეს მომავალში ჩაერთვება „კახეთი იონი“. ამჟამად სამინისტროს გადაწყვეტილებას ველოდებით,“- აღნიშნა „კახეთი იონის“ გენერალურმა დირექტორმა ნარგიზ ზიბზიბაძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სამედიცინო ცენტრს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 273 კვადრატული მეტრი, უსასყიდლოდ გადასცა. აღნიშნულ ფართზე ქირურგიული ცენტრი აშენდება, რომელიც უახლესი აპარატურით იქნება აღჭურვილი.






| Print |
FaceBook Twitter Google