საზოგადოება
გამოჯანმრთელებული ბექობის არწივი დედოფლისწყაროს დაუბრუნდა [Video]
ბექობის არწივის მართვე, რომელსაც თბილისის ზოოპარკში უმკურნალეს, დედოფლისწყაროს ველურ ბუნებას დაუბრუნდა. ზოოპარკის ინფორმაციით, დაჭრილი ფრინველი მათთან ორი თვის წინ მიიყვანეს.


„ორიოდე თვის წინ ზოოპარკში დაჭრილი ბექობის არწივი მოგვიყვანეს. წონასწორობას ვერ ინარჩუნებდა, კოორდინაციას კარგავდა, ვერც დგებოდა და არც ფრენა შეეძლო. შევიფარეთ და ჩვენი ვეტექიმები საქმეს შეუდგნენ - ჭრილობის დამუშავება, ანტიბიოტიკები, ვიტამინები... თავიდან ხელით უწევდათ მისი გამოკვება. რამდენიმე დღეში დამშვიდდა, ცოტა მოღონიერდა და დამოუკიდებლად დაიწყო ჭამა. შემდეგ? ჯერ ფეხზე დადგა, მერე ხტუნვა დაიწყო, ნელ-ნელა ფრთებიც გაშალა და მალე ქანდარასაც შესწვდა. საკმარისად რომ მოყოჩაღდა უფრო დიდ ვოლიერში გადაიყვანეს და კონტაქტიც ნაკლებად ჰქონდათ, რომ ადამიანებს გადაჩვეოდა. და აი, 2 თვის წვალების შემდეგ ამ უსიმპათიურესი არსების ბუნებაში დაბრუნების დროც დადგა“,
- ამბობენ თბილისის ზოოპარკში.


ბექობის არწივი საერთაშორისო და საქართველოს წითელ ნუსხაშია შეყვანილი. ბოლო 15 – 20 წლის განმავლობაში საქართველოში მობუდარი ბექობის არწივების რიცხვი 53-55 დან 17-20 წყვილამდე შემცირდა.

| Print |
FaceBook Twitter Google