საზოგადოება
500 ათასი წლის ძეგლი ზიარში
მეორე კვირაა ზიარსა და ფხოველში არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, რომელსაც ექსპედიცია, მეცნიერ ნიკა თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით აწარმოებს.


როგორც გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა განაცხადა, ექსპედიციაში ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელთან ერთად, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებიც არიან ჩართული.
„ამ ტერიტორიებზე გათხრები ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოციან წლებში დაიწყო. ქვის ხანის სადგომი მაშინ მხოლოდ ნაწილობრივ შეისწავლეს. დაწყებული სამუშაოები 2014 წელს გაგრძელდა. პროფესორმა ნიკა თუშაბრამიშვილმა სამუშაოების დროს მიაკვლია ახალ არქეოლოგიურ ძეგლს, რომელიც ცნობილია „ზიარი მეორის“ სახელწოდებით. ის საინტერესო და მნიშვნელოვანია თავისი სიძველით და მრავალფეროვნებით. ტერიტორიებზე, სადაც არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს, არის კაჟის ბუნებრივი გამოსავლები (კაჟი ბუნებრივად გამოდის მიწიდან), რომელსაც უძველესი ქვის ხანის ადამიანი იყენებდა. მისგან ამზადებდა ქვის ხელცულებს, საფხეკებს, წვეტანებს და სხვადასხვა დანიშნულების მჭრელ იარაღს. სავარაუდოდ, „ზიარი მეორის“ ასაკი 500 ათასი წლით განისაზღვრება. ამჟამად გათხრები არ დამთავრებულა, ამიტომ, შესაძლოა, უფრო ძველი პერიოდის ნამოსახლევსაც წავაწყდეთ.“

თამაზ მარკოზაშვილისვე თქმით, საქართველოში ასეთი ტიპის სადგომი- სახელოსნო სხვაგან არ მოიპოვება.
„გარდა არქეოლოგიური არტეფაქტებისა, ტერიტორია მნიშვენელოვანია იმითაც, რომ მილიონი წლების წინ ზღვით ყოფილა დაფარული. ამას მოწმობს კაჟის ქანებში არსებული წყლის ცხოველების გაქვავებული ნაშთები. მიმდინარეობს მათი მეცნიერული შესწავლა. არქეოლოგიური მასალის გარეცხვის შემდეგ მოხდება მათი გამოფენა. სამუშაოები დაახლოებით ორ კვირაში დასრულდება და დაიწყება მოპოვებული არტეფაქტების შესწავლა. შესაძლებელია, რომ თუ ზიარ - ფხოველის ასაკი ნახევარი მილიონი წლით განისაზღვრა, თავისი მნიშვნელობით, დმანისს გაუტოლდეს. დმანისისაგან განსხვავებით, აქ არქეოლოგიური ფენები უძრავ მდგომარეობაშია და საკმაოდ დიდ ფართობზე - დაახლოებით ას კვადრატულ მეტრზეა განლაგებული.“
როგორც უფროსი სპეციალისტი ამბობს, გასულ წელს გათხრების დროს ნახშირის უძველესი კვალიც აღმოაჩინეს, რომელიც დაახლოებით ნახევარი მილიონი წლით თარიღდება. ამ გარემოების გათვალისწინებით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ საქართველო მსოფლიოში მესამე ქვეყანაა, სადაც ცეცხლის გამოყენების უძველესი კვალი აღმოაჩინეს (პირველია აფრიკა, მეორე საფრანგეთი).

თამაზ მარკოზაშვილის განმარტებით, პროექტი მრავალწლიანია და მომავალ წელსაც გაგრძელდება. როდესაც სამუშაოები დასრულდება და საბოლოო დასკვნები დაიდება, იქვე მოეწყობა ღია ტიპის მუზეუმი მსუბუქი კონსტრუქციით. მოხდება არსებული აღმოჩენების კონსერვაცია-გამაგრება. ასევე განსაზღვრულია, რომ ტერიტორია ტურისტულ მარშრუტშიც აღინიშნოს.



| Print |
FaceBook Twitter Google