საზოგადოება
სასწავლო ტური პოლონურ რადიოსადგურებში
საქართველოს 8 რეგიონული რადიომაუწყებლობის წარმომადგენლები კვალიფიკაციის ამაღლებისა და კოლეგების გამოცდილების გაზიარების მიზნით, 11-17 ნოემბერს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში იმყოფებოდნენ.

მონაწილეებმა მოინახულეს ხუთამდე სხვადასხვა ტიპის რადიოსადგური, შეხვდნენ მათ დამფუძნებლებს, რედაქტორებსა და ჟურნალისტებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ისეთი თემების განხილვა, როგორიცაა რადიოს შერწყმა რადიოპორტალთან, რა უნდა გამოქვეყნდეს ინტერნეტში, ეთერში, ან სოციალურ მედიაში, როგორ მუშაობს ინტერაქტიული რადიო, რატომ ინტერნეტრადიო და არა „ტრადიციული“ და სხვ.

„IMIRADIO“ ეთნიკური უმცირესობების საკითხებს აშუქებს და შვიდ ენაზე ამზადებს რეპორტაჟებს, თუ სხვა თემატურ სიუჟეტებს. მისი ერთ-ერთი წამყვანი თავის საავტორო გადაცემაში „არაბიკა“, არაბი მიგრანტების პრობლემებს განიხილავს. არასამთავრობო ორგანიზაციის ბაზაზე ფუნქციონირებს დღის ცენტრი მიგრანტი ბავშვებისთვის და სოციალური კაფე, ინტერნეტრადიო მათი დამატებითი საქმიანობაა.

ვარშავის მახლობლად ქალაქ გროჯისკ მაზოვიეცკში მდებარეობს რადიოსადგური BOGORIA, რომელიც ქალაქის ბურმისტრის ინიციატივით 20 წლის წინ დაფუძნდა, მსმენელების რაოდენობა 45-50 ათასია. მასპინძლებმა გულთბილი შეხვედრა ქართულ-პოლონური დროშის ფონზე მოაწყვეს და სიმბოლური საჩუქრებიც გვისახსოვრეს.

დირექტორი მარეკ კარცზევსკი მიიჩნევს, რომ რადიომ ქალაქის სასიკეთოდ ბევრი რამ შეცვალა და მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება აფინანსებთ, მათი სარედაქციო პოლიტიკა თავისუფალია. ბუგმისტრმა, გრზეგორზ ბენედიკინსკიმ ხაზი გაუსვა რადიოს როლს საზოგადოების მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლების კუთხით. მისი აზრით, სწორედ, რადიოს დამსახურებაა, რომ ქალაქში წარმატებით გადაიჭრა დანაგვიანების პრობლემა, ასევე, მნიშვნელოვანია კრიტიკული და ობიექტური სიუჟეტები, ამ საკითხს ისინი გაგებით ეკიდებიან.

ვარშავის უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს აკადემიური რადიო „kampus“-ი. მისი ხელმძღვანელის და ამავე უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ლექტორის თქმით, რადიოს მისიაა, ახალგაზრდებს ჟურნალისტის პროფესია შეასწავლოს, მისცეს საშუალება მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება; ამავე დროს, რადიო ემსახურება ახალგაზრდა მუსიკოსებისა და მსახიობების საქმიანობის პოპულარიზაციას.
მათი ეთერით არ გადაიცემა პოლიტიკური სიუჟეტები, თუმცა მიმდინარე მოვლენებს საინფორმაციო გამოშვებაში აშუქებენ. არ აწყობენ პოლიტიკურ დებატებს და არ იწვევენ პოლიტიკოსებს სტუდიაში, თვლიან, რომ დამწყებ ჟურნალისტთან ისეთი პიროვნების სტუმრობა, რომელიც რამდენიმე ათეული წელია პოლიტიკაში მოღვაწეობს- არასწორია, რადგან შედეგი ობიექტური ვერ იქნება.

მნიშვნელოვანი იყო ვიზიტი პოლონეთის საზოგადოებრივ რადიოშიც, რომელიც 8 რადიოსადგურს აერთიანებს და ევროპაში ერთ-ერთ დიდ რადიოჰოლდინგად ითვლება, მასში დაახლოებით 2 ათასი თანამშრომელი მუშაობს.

პოლონელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს ისეთი მრავალწილიანი ისტორიის მქონე რადიომაუწყებლობის წარმომადგენლებმა, როგორიცაა, „ძველი ქალაქი“ და რადიო „ჰერეთი/თბილისი“. სასწავლო ტური საინტერესო აღმოჩნდა ახლადდაფუძნებული („მარნეული“, „მოზაიკა“, „ნორი“, სამხრეთის კარიბჭე, „WAY“, „ივრისი“) რადიოსადგურების წარმომადგენლებისთვისაც.

ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა ცვლილებები პოლონური გამოცდილების გათვალისწინებით.
პროექტს, რომლის მიზანია ქართული რეგიონული რადიოების მხარდაჭერა, ახორცილებენ კავკასიის ჟურნალისტთა ცენტრი - ICFJ და მისი პარტნიორი პოლონური ორგანიზაცია - ფონდი დემოკრატიული აღმოსავლეთი. პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფონდ სოლიდარობის მიერ.


| Print |
FaceBook Twitter Google