საზოგადოება
ახალი სტანდარტი და რეორგანიზაცია საბავშვო ბაღებში
უახლოეს პერიოდში საბავშვო ბაგა-ბაღებში მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია დაიწყება, რომელსაც საფუძვლად უდევს მიმდინარე წლის 8 ივნისს პარლამენტის მიერ მიღებული "საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ".


როგორც გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელი ლელა თევდორაშვილი ამბობს, საქართველოში, წლების განმავლობაში, მსგავსი კანონი არ არსებობდა.
"ახალი კანონის შესაბამისად, ყველა ბაღში იქნება მაღალი სტანდარტის მომსახურება. აქედან გამომდინარე, განხორციელდება შესაბამისი რეფორმები. თებერვლის ბოლოს, კანონის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობებისთვის, გაერთიანებისა და ბაღებისთვის სპეციალური სახელმძღვანელო ე.წ. "გზამკვლევი" გამოვა. დაახლოებით მარტის შუა რიცხვებიდან გამოცხადდება რეორგანიზაცია. გაერთიანების წესდებაში მოხდება ცვლილებები, რაღაც ფუნქციები დაგვემატება და რაღაც შეგვეზღუდება. თითოეული საბავშვო ბაღი უნდა ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი ააიპ-ის სახით, რომელსაც მენეჯერი კი არა, დირექტორი ეყოლება. ამ კანონის შესაბამისად, ბაღები იძენენ დამოუკიდებლობას და მათ ბანკში ცალკე ანგარიში ექნებათ."

მისივე თქმით, კანონმდებლობიდან გამომდინარე, თითოეულ საბავშვო ბაღში დაცული უნდა იყოს, სანიტარიის, ჰიგიენის, კვების, ინფრასტრუქტურის, აღმზრდელ პედაგოგისა და სასწავლო პროგრამის ხარისხის სტანდარტები.
"კანონის შესაბამისად, აპრილი, მაისი, ივნისი ძალიან დატვირთული თვეები იქნება ბაღებისთვის. დადგინდება დირექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ჩატარდება შესარჩევი კონკურსი. ამის შემდეგ მოხდება კადრების დალაგება. გარკვეული ცვლილებები იქნება შტატების თვალსაზრისითაც. ჯგუფს ეყოლება აღმზრდელ-პედაგოგი და აღმზრდელი, გაუქმდება თანაშემწის შტატი. თუ დღეს აღმზრდელის თანაშემწეს ჭურჭლის რეცხვისა და დალაგების ფუნქცია აქვს, უკვე აღარ ექნება, ამისთვის დაემატება ცალკე შტატი. გარდა ამისა, კვება გახდება ოთხჯერადი, ამიტომ მოგვიწევს მენიუს გადაწყობა.რაც შეეხება ჰიგიენას, ამ კუთხით, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში კარგი მდგომარეობაა, კვების ბლოკები და წყალგაყვანილობის საკითხი მოგვარებული გვაქვს. ინფრასტრუქტურა ადვილად მოსაწესრიგებელი არ არის, ამიტომ ამ პუნქტის შესრულების ვადამ 2020 წლამდე გადაიწია."
ლელა თევდორაშვილის თქმით, ყველაზე რთული მაინც აღმზრდელ-პედაგოგის და დირექტორის შერჩევა იქნება.
"ამ სტანდარტის მიხედვით საკმაოდ დიდი მოთხოვნებია დაწესებული. გაერთიანება დებს გარკვეულ თანხას ბიუჯეტში, რომელიც მოიცავს თანამშრომელთა გადამზადებას. ჩატარდება ტრენინგები და შემდეგ იქნება ტესტირება, სადაც გაირკვევა ამჟამინდელი აღმზრდელები აკმაყოფილებენ თუ არა სტანდარტებს. ადამიანური რესურსი განსაკუთრებით სოფლებში ჭირს. დირექტორის არჩევისას აუცილებელი მოთხოვნა იქნება უმაღლესი განათლება. კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, რომელიც სტანდარტებს დააკმაყოფილებს."

როგორც გაერთიანების ხელმძღვანელმა განმარტა, უკვე ააიპ-ებად ჩამოყალიბებული ბაღები, ახალ დირექტორებთან ერთად ყველა ამ სტანდარტზე მუშაობას დაიწყებს.
"ყველა სტანდარტი პირველ ოქტომბრამდე უნდა დაკმაყოფილდეს, თუ არადა, კანონმდებლობიდან გამომდინარე, საბავშვო ბაღი ავტორიზაციას ვერ გაივლის, დაფინანსებას ვერ მიიღებს და შესაბამისად, ვერ იფუნქციონირებს. პირველი ივლისისთვის ჩვენ ეს ყველაფერი უნდა დავამთავროთ, შემდგომ ბაღებმა უნდა მიმართონ ადგილობრივ თვითმმართველობას ავტორიზაციის მოთხოვნით."
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის გამგეობას ეყოლება ჯგუფი, რომელიც რამდენჯერმე შევა ბაღებში როგორც გეგმიურად, ისე არაგეგმიურად და შეამოწმებს შესრულებულია თუ არა ყველა ვალდებულება. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება დაწესებულებისთვის ავტორიზაციის მინიჭების საკითხი.
| Print |
FaceBook Twitter Google