საზოგადოება
საშობაო გამოფენა N17 პენიტენციურ დაწესებულებაში
N17 პენიტენციური დაწესებულების საგანმანათლებლო ცენტრში მსჯავრდებულთა ნამუშევრების საშობაო გამოფენა გაიმართა.
გამოფენაზე 40-მდე მსჯავრდებულის მიერ შესრულებული რელიგიური ხასიათის 200-მდე ხეზე კვეთის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, რომლებიც უნიკალური მასალითა და ტექნოლოგიით არის დამზადებული.

„ნამუშევრების მნიშვნელოვანი ნაწილი სამინისტროს ონლაინ მაღაზიის ვებვერდზეა განთავსებული და მათი რეალიზაცია ხდება. მსჯავრდებულები დაწესებულებაში ნასწავლი ხელობით, გარეთ არჩენენ ოჯახებს,“ - განაცხადა პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა ლეილა აფციაურმა.

მსჯავრდებულებმა ხეზე გამოკვეთეს არაერთი ფრესკა, მათ შორის ლენჯერისა და ნესგუნის ჯვარცმის ფრესკების ასლები, ასევე, ხეზე გადაიტანეს მე-7 საუკუნის სვანურ საცეცხლურზე გამოსახული ჯვარცმა. როგორც ხეზე კვეთის მასწავლებელმა, ოლივერ შველიძემ გამოფენის სტუმრებს განუცხადა, N17 პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილ ნამუშევრებს ანალოგი არ გააჩნია.

საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მსჯავრდებულებს საჩუქრად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II საჩუქრები - წიგნები, საეკლესიო კალენდრები და ჟურნალები გადასცეს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გამოფენა /