საზოგადოება
ხელისუფლების მორიგი დაპირება- იორმუღანლოს თემს ნაგავმზიდი მანქანა მოემსახურება
თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც „სპექტრმა“ იორმუღანლოს თემში არსებული უკანონო ნაგავსაყრელის პრობლემა გააშუქა, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას თემის სამ სოფელში.


იორმუღანლოს საბითუმო ბაზარი 2 ათასამდე მოვაჭრეს იტევს, რომლებიც საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან კვირაში ორი დღე ჩამოდიან. ბაზარი ინტენსიურად სუფთავდება, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე გაბნეული პოლიეთილენის პარკები და მყარი ნარჩენები მდინარე იორს აბინძურებს და ადგილობრივებს ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის.
მწვავედ დგას უკანონო ნაგავსაყრელის პრობლემა სოფელ ლამბალოშიც, ნაგვით გადავსებული ხევი სოფელს ორ ნაწილად ჰყოფს. ფრინველი, პირუტყვი, ცხვრის ფარა - ნაგავსაყრელზე ბალახობს.
იგივე სიტუაციაა სოფელ კაზლარისკენ მიმავალ გზაზე, გარდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა, გროვებად ყრია საქონლის ნაკელი, მატყლი, პესტიციდები, სამშენებლო მასალები.
მოსახლეობა დახმარების თხოვნით კვლავ ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს.

85 წლის მეხრან მამედოვი თანასოფლელებთან ერთად წლების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული ხევის პრობლემა მოაგვაროს. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, იყო შემთხვევები, როდესაც ამის გამო საქონელიც კი დაიხოცა.
„მარტო ჩვენი კი არა, სხვა სოფლის მოსახლეობასაც მოაქვს ნაგავი და აქ ყრის. ზაფხულში საშინელი სუნია, ვინც ახლო ცხოვრობს, ვირთხებისგანაც შეწუხებულია. გარდა ამისა, ნაგავზე ფრინველი და საქონელია გაშვებული, იყო შემთხვევები, როცა ძროხებმა „ცელოფანი“ შეჭამეს და ვეღარ გადავარჩინეთ. ყურადღებას არავინ გვაქცევს. იმის გამო, რომ სოფელში არც ურნები დგას და არც მანქანა დადის, ხალხი იძულებულია ნარჩენები ხევში ჩაყაროს. რა ქნან, აბა, ეზოში ხომ ვერ დააქუჩებენ?! ზოგს ტრანსპორტიც არ აქვს, რომ სადმე წაიღოს და მოშორებით გადაყაროს.“

ამ საკითხზე საუბრობს სოფელ კაზლარის მოსახლეობაც. „პატრონი არ გვყავს, სოფლისკენ რომ მოდიხარ მთელ გზაზე გაშლილია „მეშოკები“ და პარკები. სხვა რომ არაფერი, სირცხვილია, ათასი უცხო ხალხი დადის და ხედავს. მეზობელი სოფლებიდან მოაქვთ ნაგავი და ღამე ჩუმად ყრიან. პარკების გარდა, იქ შპრიცები და ძველი წამლებიც არის გაფანტული, მაგ ტერიტორიაზე ზოგს ცხვარი ჰყავს გაყვანილი საძოვრად და ზოგს ძროხა. საქონელმა ეს ნარჩენები რომ შეჭამოს, მოკვდება. სახელმწიფომ უნდა შექმნას სამსახური, რომელიც ამას გააკონტროლებს და დამნაშავეს დააჯარიმებს.“
ასოცირების ხელშეკრულება ჩვენს ქვეყანას ნაგავსაყრელთან დაკავშირებით გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს. როგორც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროში განმარტავენ, 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მომზადდა პროექტები-„ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესის და პირობების შესახებ“. „ნარჩენების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ“ და „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“.

„ეს არის აბსოლუტურად ახალი მოთხოვნა. რეგისტრაციას დაექვემდებარა ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების წესი. რეგისტრაცია მარტო ჟურნალში გატარება არ არის, ეს მსუბუქი ნებართვაა. ნარჩენების გადამუშავება სანებართვო საქმიანობაა, ხოლო რეგისტრაციას ექვემდებარება ის, რაც ეხება შემგროვებლებს, გადაზიდვას, ტრანსპორტირებას და სხვა. კანონში შევიდა ცვლილება, რომელიც უნდა ამოქმედებულიყო პირველი იანვრიდან. ეს ყველაფერი ელექტრონულ ბაზაში უნდა აისახოს. რამდენადაც ჩვენს სამინისტროში ერთიანი ბაზა უნდა ყოფილიყო, აქედან გამომდინარე პროცესი ცოტა გაიწელა. გამოცხადდა ტენდერი. ამჟამად გამარჯვებული კომპანია მუშაობს იმაზე, თუ როგორ უნდა აეწყოს სისტემა. ამის გამო მთავრობაში წარვადგინეთ საკითხი გადავადების შესახებ, პარლამენტს ჯერ არ განუხილავს და ამიტომ ზუსტად ვერ გეტყვით, როდის დაიწყება. სავარაუდოდ, პროცესი მომავალი წლისთვის გადაიდება.“-განმარტეს უწყებაში.

იორმუღანლოს თემის პრობლემას კარგად იცნობენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში ჩვენთან საუბარში საგარეჯოს თვითმმართველობაში განაცხადეს, რომ ამ დასახლებაში ურნების განთავსება, ნაგავმზიდი მანქანისა და შესაბამისი თანხების გამოყოფა 2017 წლისთვის იგეგმებოდა.
მოხდა თუ არა ამ საკითხის გათვალისწინება ახალ ბიუჯეტში? - ამ კითხვით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელს მივმართეთ. როგორც ჩვენთან საუბარში გიორგი გზირიშვილმა განმარტა, საკითხი საკრებულომ უკვე განიხილა.

„ეს პირდაპირ პროპორციულია იმ დაპირებასთან, რომელსაც ჩვენი მთავრობა ასრულებს. ცოტა ხანში გადმოგვეცემა ორი ახალი ნაგავმზიდი მანქანა და 100 ურნა. ვფიქრობთ, ამ ტექნიკით მოხდება იორმუღანლოდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა. ამ თემაზე მთავრობასთან მუშაობა უკვე მიმდინარეობს. საკითხი საკრებულოზეც გავიტანეთ და დადებითად გადაწყდა. დანარჩენი უკვე იმაზეა დამოკიდებული, როდის გვექნება ავტომანქანები.“
აღნიშნული ტექნიკის შესაძენად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ მსოფლიო ბანკისგან აიღო სესხი 129 892 ევროს ოდენობით, რომელიც 10 წლის განმავლობაში უნდა დაფაროს.

მარინა ბეროშვილი




სტატიის აზერბაიჯანული ვერსია
| Print |
FaceBook Twitter Google