საზოგადოება
ჯარიმა თუ პატიმრობა ნასვამი მძღოლებისთვის [Video-Infographic]
ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვაზე სანქციების გამკაცრების მოთხოვნით ორი ონლაინპეტიცია გავრცელდა.

ერთში ნათქვამია, რომ მსგავსი ქმედება 1 წლიანი პატიმრობით, ან გამოსასწორებელი სამუშაოთი უნდა ისჯებოდეს, ხოლო მეორეში აღნიშნულია, რომ ჯარიმა 10 000 ლარი უნდა იყოს და არა მართვის მოწმობის 6 თვით ჩამორთმევა.

-„გაუქმდეს მოქმედი სასჯელი და დაწესდეს ფულადი ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით, რომ არავინ გაბედოს ნასვამზე მანქანის მართვა. ჯარიმა უნდა იყოს იმხელა, რომ ვერ გადაიხადოს და ტაქსით უფრო იაფი დაუჯდეს მგზავრობა.“- აღნიშნულია პეტიციაში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, speqtri.ge-მ გურჯაანში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოქალაქეები გამოკითხა. ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისას, მხოლოდ ჯარიმა უნდა იყოს გათვალისწინებული, ზოგის თქმით, ნასვამ მძღოლს „ჯარიმა კი არა, „პრავა“ თავზე უნდა დაახიო“.

საჯარიმო სანქციების გამკაცრების მომხრეა არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი. მისი თქმით, ნასვამი მძღოლების მიმართ ჩვენი კანონმდებლობა არაადეკვატურია.

-„ჩემი ინფორმაციით, ის პოროვნება, რომელიც ხშირად ავარიის მიზეზი ხდება, ადრეც შემჩნეულია ნასვამობაზე, ან სიჩქარის გადაჭარბებაზე. ბრიტანული მოდელის მომხრე ვარ, რაც ითვალისწინებს შემდეგ სანქციებს- 2500 გირვანქა სტერლინგს, პლიუს ამას 90 დღიანი პატიმრობა, ასევე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. ჩვენს რეალობაში სანქცია შეიძლება კიდევ უფრო მკაცრი იყოს. ხშირ შემხთვევაში, პირი, რომელიც ნასვამი ჯდება საჭესთან და ამის გამო ისჯება, შემდეგ მაინც ახერხებს თანით მართვის მოწმობის გამოსყიდვას. ასეთი ადამინები არიან პოტენციური მკვლელები, რომლებიც კანონის მთელი სიმკაცრით უნდა ისჯებოდნენ.“

დავით მესხიშვილის განმარტებით, მას შემდეგ რაც მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯარიმების თანხა შემცირდა, როგორც ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა, ასევე დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვიც 38%-ით გაიზარდა.

-„ეს იყო პოპულისტური და სრულიად არაადეკავტური გადაწყვეტილება. დღეს საგზაო უსაფრთხოების პროგრამაში შესატანი ცვლილებათა პაკეტი პარლამენტშია გაჭედილი. ის მოიცავს სანქციების გამკაცრებას უწყვეტი ხაზის გადაკვეთაზე, გასწრებაზე, სიჩქარის გადაჭარბებაზე და ა.შ. მომხრე ვარ ასევე ქულათა სისტემის, რადგან ჩვენი კანონმდებლობით, დღეს თუ ფული გაქვთ, გზებზე შეგიძლიათ ნებისმიერი რამ მოიმოქმედოთ. მოქალაქეები კანონდარღვევებს ფულით ყიდულობენ. უმეტესად, ეს კატეგორია იწვევს სიკვდილაინობას გზებზე. ქულათა სისტემა ეს იქნება ფინანსურად შეძლებული ადამიანების და შეჭირვებულის გათანაბრება. სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია ასევე უკონტაქტო პატრულირება, ვინაიდან საპატრულო პოლიცია ერთი მხრივ, გზებზე ვეღარ ახერხებს კონტროლის დამყარებას და მეორე მხრივ, თან ბანდიტების და ყაჩაღების დევნას. “

არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმითვე, საჭიროა არა ავტოსაგზაო შეთხვევების შედეგთან, არამედ გამომწვევ მიზეზთან ბრძოლა. „ის, რომ მთვრალი პირი საჭესთან მოხვდა და ვიღაცამ სიჩქარეს გადააჭარბა, უკვე შედეგია. ჩვენი მთავარი პრობლემა არის განათლების სისტემაში. არც ბაღსა და არც სკოლაში საგზაო უსაფრთხოება შესაბამისი სტანდარტებით არ ისწავლება. ავტოსკოლები ამზადებენ ადამიანებს მართვის მოწმობის ასაღებად და არ აძლევენ ცოდნას. შედეგად ვიღებთ იმას რომ „პრავა“ აქვს ადამიანს, რომელსაც არც თეორიული და არც პრაქტიკული განათლება არ გააჩნია. საჭიროა, ავტოსკოლებმა გაიარონ ლიცენზირება და რაღაც სტანდარტამდე მივიდნენ. “

ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა 2014-2016 წლებში.


| Print |
FaceBook Twitter Google