საზოგადოება
გურჯაანში საჯარო მოხელეებს ადამიანის უფლებათა საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ორგანიზებით, დღეს გურჯაანში, მუნიციპალიტეტებში დასაქმებული საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგის თემა იყო „ადამიანის უფლებების ეფექტური დაცვა და მისი ხელშეწყობა საქართველოში“. პროექტი ხორციელდება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერითა და ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებით.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ დოკუმენტებზე, რომელიც საქართველომ შეიმუშავა 2014 წლის შემდეგ. ეს არის ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც პარლამენტმა 2014 წელს დაამტკიცა. მიმდინარე წელს მეორედ მივიღეთ ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილია ყველა ის საქმიანობა, რასაც სახელმწიფო ამ კუთხით განახორციელებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის ჩარულობა ამ პროცესში და გარკვეული კოორდინაცია იმ დემოკრატიული რეფორმების, რომელიც ხორციელდება.“- აღნიშნა speqtri.ge-სთან მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსმა ნატალია ჯალიაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ თემაზე საჯარო მოხელეებისთვის უნივერსალური სასწავლო პროგრამა შეიქმნება, რომლის ცოდნაც 2017 წლის ივლისიდან ყველასთვის სავალდებულო იქნება.

მსგავსი შეხვედრა ხვალ თელავში გაიმართება, სადაც მონაწილეობას თელავისა და ახმეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები მიიღებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google