საზოგადოება
100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შეძენა-შენახვა პატიმრობით აღარ დაისჯება
დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 100 გრამამდე მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენასა და შენახვისთვის პატიმრობა გააუქმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ბოლნისის რაიონული სასამართლოს წარდგინებაში მითითებული მოთხოვნა და ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნედლი მარიხუანის (100 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის.

N855 კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიუთითებდა, რომ ხსენებულ სადავო ნორმას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილებით „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსი ჰქონდა და შესაბამისად მოითხოვდა მის ძალადაკარგულად ცნობას საქმის არსებითი განხილვის გარეშე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N1/4/592 გადაწყვეტილებით, სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნისთვის შეძენა-შენახვის გამო. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ დაადგინა, რომ დაუშვებელია ადამიანის თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ მისივე ჯანმრთელობის დაცვის მოტივით, იმ პირობებში, როდესაც მარიხუანის შეძენითა და შენახვით იგი ზიანს არ აყენებს სხვის ჯანმრთელობას. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა არ მიიჩნია, ნარკოტიკული საშუალების იმ მოცულობად, რომელიც აპრიორი ქმნის მისი გასაღების გარდაუვალ საფრთხეს.

N855 კონსტიტუციური წარდგინების განხილვისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის, რომ კანონის მიხედვით, ნარკოტიკული თრობის თვალსაზრისით, 100 გრამი ნედლი მარიხუანის ეკვივალენტურ მასად მიჩნეულია 50 გრამი გამომშრალი მარიხუანა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შეძენა და შენახვა არ არის 70 გრამ გამომშრალ მარიხუანის შეძენასა და შენახვაზე მაღალი საფრთხის შემცველი. შესაბამისად, ვერც ის გამოდგება ნარკოტიკული საშუალების იმ მოცულობად, რომელიც აპრიორი ქმნის გასაღების რეალურ საფრთხეებს.

| Print |
FaceBook Twitter Google