საზოგადოება
მცირე ოდენობით კანაფისა და მარიხუანის მოხმარებისთვის პატიმრობა გაუქმდება
მთავრობის სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული და ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მოწონებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცეს.
საკანონმდებლო ცვლილებები კანაფისა და მარიხუანის მცირე ოდენობით დამზადების, შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და მოხმარებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას აუქმებს. ცვლილებები არ ითვალისწინებს მარიხუანისა და კანაფის მოხმარების დეკრიმინალიზაციას.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მცირე ოდენობით გამომშრალი მარიხუანის, ნედლი მარიხუანისა და მცენარე კანაფის უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების შემთხვევაში, სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებებთან შედარებით, უფრო მსუბუქი სახდელი წესდება და შეუძლებელი ხდება ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება.

გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებული ცვლილება გამორიცხავს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას გამომშრალი მარიხუანის შემთხვევაში 70 გრამამდე, ნედლი მარიხუანის შემთხვევაში − 140 გრამამდე, და მცენარე კანაფის შემთხვევაში − 140 გრამამდე ნარკოტიკული საშუალების დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და პირადი მოხმარებისთვის. თუმცა, ამ ქმედებებისათვის თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ იქნება იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობა დიდი ან განსაკუთრებით დიდია.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ჩამოყალიბდა მიდგომა, რომ ლიბერალიზაცია (და არა დეკრიმინალიზაცია) შეეხოს მხოლოდ მარიხუანას და მცენარე კანაფს და შეფასდეს ამ რეფორმის შედეგები როგორც ზიანის შემცირების, ისე ნარკომანიასთან ბრძოლის ეფექტიანობის კუთხით.

| Print |
FaceBook Twitter Google