საზოგადოება
ბოდბის წმინდა გიორგის ტაძარში ხატების რესტავრაცია დასრულდა
ბოდბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ხატების რესტავრაცია დაასრულა.

საგენტოს ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაში მყოფ იკონოსტასს დაზიანებული ჰქონდა როგორც თაბაშირის, ასევე ხის ნაწილები, სხვადასხვა მასალის საფუძველზე (თაბაშირი, ხე და ტილო) შესრულებული ხატები, ფოთლოვან - ყვავილოვანი რელიეფური ორნამენტით შემკული არეები.
„დიდ სიფაქიზესა და გულისყურს მოითხოვდა ფიზიკური სამუშაოები. ხატების გაწმენდა - კონსერვაციაზე უფრო რთული,მეთოდოლოგიურადაც და პრაქტიკულადაც, კვეთილი დეკორის გაწმენდა - რესტავრაცია იყო. შესწავლილ იქნა ტაძარში არსებული გარემო-პირობები (ტემპერატურა და ტენიანობა); ჩატარდა ლაბორატორიული ანალიზები; აღდგა ფერწერული ხატები; იკონოსტასს მოცილდა წინა პერიოდის ჩარევების კვალი (ბრინჯაოს საღებავი); შეივსო და დაიფარა კანკელის დაკარგული ადგილები; მოხდა კანკელის მერქნის დეზინსექცია. რესტავრატორებს ძლიერი ტოქსიკური მასალებით უწევდათ მუშაობა.“-განაცხადეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ საგენტოში.

სარესტავრაციო სამუშაოები აღნიშნულმა უწყებამ, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიის და თეორიის ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად შეასრულა.



| Print |
FaceBook Twitter Google