საზოგადოება
გამწვანების აქცია და გამხმარი ნერგები გურჯაანში

ნერგები, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ აქცია „მწვანე მომავლის“ ფარგლებში 2014 წლის აპრილში დარგო, გამხმარია.
იმი გასარკვევად, თუ ვინ იყო ნერგების მოვლაზე პასუხისმგებელი და რატომ ვერ მოხდა მათი გახარება, ადგილობრივ ხელმძღვანელობას მივმართეთ, თუმცა, თვითმმართველობაში კომენტარი არ გააკეთეს იმ არგუმენტით, რომ ამ საკითხზე პასუხისმგებელი მაშინდელი გამგებელი იყო. როგორც ყოფილმა გამგებელმა ემზარ ჯიქურაშვილმა განმარტა, ნერგების დარგვიდან ერთ თვეში შვებულებაში გავიდა და შემდეგ უკვე სამსახურიც დატოვა. მის ნაცვლად თვითმმართველობაში არჩევნების გზით ახალი გუნდი მოვიდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარის ნინო ჩხობაძის განმარტებით, ნერგების დარგვას მხოლოდ აქციის სახე არ უნდა ჰქონდეს.
„პირველ რიგში, სახეობა და ჯიში უნდა შეირჩეს, მოხდეს დაგეგმარება და გაირკვეს, რა ნიადაგში რგავენ. რა თქმა უნდა, საჭიროა რეგულარულად მორწყვა. სპეციალურად უნდა იყოს გამოყოფილი ზოლები, სადაც მათი გაშენება მოხდება. უნდა დამუშავდეს ნიადაგი. ნერგი უნდა იყოს ხარისხიანი, თუ მაშინვე გამხმარია, რამდენი წყალიც არ უნდა დაასხა, არ გაიხარებს.“
ნინო ჩხობაძის თქმით, ნერგების დარგვასა და მათ მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა უნდა აიღოს.

აქვე შეგახსენებთ, რომ აქცია „მწვანე მომავლის“ ფარგლებში იფანის, ნეკერჩხლის, მუხის, აკაციისა და თრიმლის 3500 ნერგი ერთდროულად კულტურისა და დასვენების პარკის, დიდების მემორიალის, კულტურის ცენტრის, ვაჟა-ფშაველას, კოსტავას ქუჩისა და ახალი სასაფლაოს ტერიტორიაზე, ასევე სოფლებშიც დაირგო.

| Print |
FaceBook Twitter Google