საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტრო "ჭიაკოკონობას" საბურავების დაწვას გააკონტროლებს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს - არ დაწვან საბურავები და პლასტიკური მასალები ე.წ. "ჭიაკოკონაობაზე".
„ჭიაკოკონობა" საქართველოში, ტრადიციულად, აღდგომის წინა ოთხშაბათს იმართება. კოცონის დასანთებად ავტომობილების საბურავებს და პლასტიკურ მასალებს იყენებენ, რაც ქალაქებსა და რეგიონებში, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ ძირითად ურბანულ გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს.

რეზინის საბურავების, ფოთლების და პლასტიკური მასალების დაწვისას გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კარცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც ამ რიტუალში აქტიურად მონაწილეობენ.

განსაკუთრებით სახიფათოა რეზინის საბურავები, რომელიც უამრავ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი.

ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენების (მათ შორის, ფოთლების, საბურავების) ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი დააწესებს მკაცრ კონტროლს აღნიშნულ ქმედებაზე და ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ზომებს გაატარებს.

| Print |
FaceBook Twitter Google