საზოგადოება
ეროვნული მუზეუმის გურჯაანის საცავის შენობა საპატრიარქოს უსასყიდლოდ გადაეცა
თავისუფლების ქუჩაზე, სამების ტაძრის გვერდით მდებარე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის საცავის შენობა საეკლესიო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საპატრიარქოს უსასყიდლოდ გადაეცა.
ტერიტორიის საერთო ფართობი 3 220 კვ.მ.-ს შეადგენს. აქედან შენობა-ნაგებობას 460.80 კვ.მ. უკავია. აღნიშნული შენობა გასული საუკუნის 30-იან წლებში აშენდა, 1980 წლიდან კი მასში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი განთავსდა, სადაც სხვადასხვა უნიკალურ ექსპონატებთან ერთად ინახებოდა 1743 წელს გამოცემული ბაქარისეული ბიბლია. 2008 წლიდან კი ფონდსაცავის სტატუსით ფუნქციონირებდა.

საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით ირკვევა, რომ ტერიტორია საპატრიარქოს, მთავრობის დადგენილებით ჯერ კიდევ 2015 წლის 16 სექტემბერს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა. დაახლოებით ორი თვეა, რაც მუზეუმის საცავმა შენობა დატოვა და საქართველოს ეროვნული ბანკის გურჯაანის ყოფილ ფილიალში გადავიდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთობას“ პრეზიდენტი, სამების ტაძრის მღვდელი მამა ვაჟა სონღულაშვილი აღნიშნავს, რომ სამომავლოდ ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი პროექტების განხორციელება იგეგმება.

„უკვე გვაქს sky-კლუბი, აქვე ფუნქციონირებს ახალგაზრდული ცენტრი „ერთობა“ და მკითხველთა კლუბი. ვცდილობთ ახალგაზრდებისთვის უფრო მეტად დავტვირთოთ სხვადასხვა შემეცნებითი საღამოებისთვის. ჯერჯერობით, დალაგების პროცესში ვართ. დაახლოებით ორი თვეა, რაც აქ შემოვედით.“

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენლის თამთა მიქელაძის თქმით, მართლმადიდებელი ეკლესია ზოგადად სახელმწიფოსგან მასშტაბური ოდენობის ფინანსურ-მატერიალურ მხარდაჭერას იღებს. მისივე ინფორმაციით, კახეთში, 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპატრიარქოსთვის გადაცემული უძრავი ქონების საერთო ფართობი ერთი მილიონ 132 000 კვ.მ.-ს შეადგენდა. კახეთი, ქვემო ქართლისა და სამეგრელოს შემდეგ, მესამე ადგილს იკავებს.

-„ საბიუჯეტო სახსრების გარდა, საპატრიარქო რეგულარულად ფინანსდება ფონდებიდან და ადგილობრივი თვითმმართველობებიდან. მინდა აღვნიშნო, რომ ქონების გადაცემის შემდეგ, სახელმწიფო აღარ აკონტროლებს რამდენად მიზნობრივადაა გამოყენებული ფართი. არის შემთხვევები, როცა საპატრიარქო მეორადი მიზნებისთვის იყენებს ამ ქონებას, მაგალითად აქირავებს. ანუ ზოგჯერ გარკვეული მოგების წყარო ხდება.“

მისივე თქმით, „სახელმწიფო ქონების“ შესახებ კანონში ჩანაწერი დისკრიმინაციულია და ის სხვა რელიგიური ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო ქონების მიყიდვას ან გადაცემას არ ითვალისწინებს.

„იმ ქონებას, რომელიც ისტორიულად სხვადასხვა რელიგიურ დენომინაციებს ეკუთვნოდათ და საბჭოთა პერიოდის დროს ჩამოერთვათ, სახელმწიფო მხოლოდ დროებითი საკუთრების უფლებით გადასცემს. ეს იმის გამო, რომ კანონი მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით უშვებს გამონაკლისს.“

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ საპატრიარქოსთვის ქონების გადაცემას ზოგიერთ შემთხვევაში პოლიტიკური კონტექსტი აქვს.

-„ხელისუფლება ცდილობს საპატრიარქოს პოლიტიკური ლოიალობის მოპოვებას. დაფინანსება თუ ქონების გადაცემაც სწორედ, ერთგვარი იარაღია. ეს ყველა მთავრობის პირობებში ასეა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამას ბოლო პერიოდში რეგულარული ხასიათი აქვს, მაინცდამაინც პოლიტიკურ-სოციალურ კრიზისებსა და არჩევნებს არ უკავშირდება. მან რუტინული და ყოველდღიური ხასიათი შეიძინა. ქონების გადაცემა ხდება იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ბევრი სოციალური პრობლემაა, მათ შორის უსახლკარობა.“

გარდა უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა, ეკლესია დაფინასნებას ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდანაც იღებს. "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2014 წელს კახეთის თვითმმართველობებიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 74 300 ლარით დაფინანსდა, ხოლო 2015 წელს ეს რიცხვი 69 861 ლარს შეადგენდა.

რამდენად მიზნობრივად და დასაბუთებულად ხდება სახელმწიფო ქონების გადაცემა რელიგიური ორგანიზაციებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გასულ წელს ამ თემაზე კვლევა ჩაატარა. კვლევამ კახეთის რეგიონი მოიცვა, 2011 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 15 ივნისის ჩათვლით. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ქონება გადაცემული აქვთ მხოლოდ 2 რელიგიურ ორგანიზაციას: საქართველოს მართლმადიდებელ ავტოკეფალიურ ეკლესიასა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს.  აქედან მუსლიმთა სამმართველოს 49 წლიანი იჯარით, ხოლო მართლმადიდებელ ეკლესიას  საკუთრებაში, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად.

2011 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, კახეთის მუნიციპალიტეტში სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოდან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სულ გადაცემული აქვს 11 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 185 784კვ.მ. და მასზე არსებული შენობა ნაგებობები, რომლის საერთო ფართობი 3 406.58კვ.მ-ს შეადგენს.


| Print |
FaceBook Twitter Google