საზოგადოება
კარდენახში ,,ათანაანთ" ციხე-კოშკს ძეგლის სტატუსი მიენიჭა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მდებარე ე.წ. ,,ათანაანთ" ციხე-კოშკს, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ციხე-კოშკი კარდენახის სამამულო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალურ პარკში მდებარეობს.


გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის თქმით, ნაგებობა ოთხსართულიანია და გვიანდელ შუა საუკუნეებს განეკუთვნება.
„ შემორჩენილია სამი სართული და მეოთხე სართულის ფრაგმენტები. ნაშენებია რიყის ქვით. კედლებში დატანებულია სათოფურები, ბუხარი, ნიშები. ნაწილობრივ დაზიანებულია. ალაგ- ალაგ ქვებია ჩამოცვენილი და გარე კუთხეებია ჩამოშლილი. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2017 წლის მარტში მიენიჭა. ზოგადად, ამ მიწებს „ათანაანთ“ მიწებს ეძახიან, ძალიან საინტერესო ადგილია. დაახლოებით 50 მეტრის დაშორებით დგას ცილინდრული ფორმის მეორე კოშკი, რომლის მხოლოდ პირველი სართულია შემორჩენილი. მიმდებარე ტერიტორიაზეა ასევე ,,ფერისცვალების" სახელობის ეკლესია. გვიანდელ შუა საუკუნეებში (XVII-XVIII სს), აღნიშნული ტერიტორია საკმაოდ ძლიერ გამაგრებულ პუნქტს წარმოადგენდა. მტრების შემოსევების დროს ამ ადგილს თავს აფარებდა სოფლის მოსახლეობა. ალაგ-ალაგ დღემდეა შემორჩენილი გალავნის ნაწილები.“

თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, ძეგლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში მოთხოვნა კიდევ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე რვა ობიექტის შესახებ არის გაგზავნილი.

| Print |
FaceBook Twitter Google